ევერტონმა არსენალთან დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ნორგორის ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ფუნტი იქნება.
თუ ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდება, 32 წლის ფეხბურთელი მომავალ კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ჰილ დიკინსონის სტადიონზე გადასვლას დაასრულებს.
ნორგორი ევერტონის ამ ზაფხულის მეოთხე ახალწვეული გახდება. მანამდე კლუბმა მიდლსბროდან ჰეიდენ ჰეკნი დაიმატა, ხოლო ტაირიკ ჯორჯი (ჩელსი) და მერლინ როლი (ფრაიბურგი) იჯარის შემდეგ სრულფასოვნად გადაიბირა.
ნორგორის დამატების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იდრისა გეიე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
ევერტონი ფიზიკურად ძლიერ საყრდენ ნახევარმცველს ეძებდა, რომელიც №6-ის პოზიციაზე ითამაშებდა და 36 წლის სენეგალელს ჩაანაცვლებდა.
ნორგორი არსენალს გასულ ზაფხულს ბრენტფორდიდან შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონი ფუნტი იყო, დამატებით 2 მილიონი ფუნტის შესაძლო ბონუსებით.
დანიის ნაკრების ფეხბურთელმა მიკელ არტეტას გუნდში 20 მატჩი ჩაატარა, თუმცა პრემიერ ლიგის ჩემპიონობის გზაზე მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ეს იმ ფონზე, როდესაც მიკელ მერინომ სეზონის ბოლო 3 თვე ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დეკლან რაისმა, მარტინ სუბიმენდიმ და მაილს ლუის-სკელიმ ნორგორზე მეტი სათამაშო დრო მიიღეს.
მანამდე ნორგორი ბრენტფორდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ექვსი სეზონის განმავლობაში მან კლუბის მაისურით 196 მატჩი ჩაატარა, დაეხმარა გუნდს პრემიერ ლიგაში აღზევებაში და 2023-2025 წლებში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა.
თუ ტრანსფერი შედგება, ნორგორი ზაფხულში არსენალის პირველი გუნდის მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელიც კლუბს დატოვებს. მანამდე ლეანდრო ტროსარმა ბეშიქთაშში გადაინაცვლა.
ამ ზაფხულს არსენალმა უკვე დაიმატა მეკარე ილან მელიე (თავისუფალი აგენტის სტატუსით ლიდსიდან) და შემტევი ხრისტოს ცოლისი ბრიუგედან.