ევრო 2024-ზე ორდღიანი პაუზა დასრულებულია, საქართველოს უდიდესი წარმატება ნელ-ნელა გავიაზრეთ და ახლა მერვედფინალების დღე დადგა.
1/8 ფინალების პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართება.
შვეიცარია - იტალია [20:00]
შვეიცარიამ A ჯგუფის მეორე ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც მასპინძელ გერმანიასთან არ წააგო და მეტიც, გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო. ბუნდესნაკრები მატჩის წაგებას და ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლას ბოლო წუთებზე ფულკრუგის გოლით გადაურჩა.
მურატ იაკინის გუნდმა პირველ ტურში უნგრეთს დამაჯერებლად 3:1 მოუგო და ეს ერთადერთი გამარჯვება გუნდისთვის ჯგუფში მე-2 ადგილის დამაჯერებლად დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.
დრამა დატრიალდა იტალიის თამაშშიც, რომელიც ხორვატიასთან მატჩში ბოლო წამამდე მარცხდებოდა და მე-3 ადგილზე 3 ქულით გადიოდა, თუმცა 90+8 წუთზე ლაციოს ფორვარდმა ძაკანიმ ბრწყინვალე გოლით მოახერხა ლივაკოვიჩის კარის აღება და სპალეტის გუნდი მე-2 ადგილზე გაიყვანა.
პირველ ტურში იტალიელებმა ალბანეთს 2:1 მოუგეს, შემდეგ ესპანეთთან (0:1) დამარცხდნენ, ხორვატიასთან კი მარცხს, როგორც გითხარით, ბოლო წუთზე გადაურჩნენ.
შვეიცარიისა და იტალიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 61 მატჩს ითვლის, საიდანაც იტალიამ 29 მოიგო, 24 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა, შვეიცარიამ კი 8-ჯერ შეძლო წარმატების მიღწევა. სკუადრა აძურამ ამ 61 მატჩში 111 გოლი გაიტანა, შვეიცარიამ კი - 68.
უკანასკნელი შეხვედრა 2021-ში, მსოფლიოს შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სადაც ჟორჟინიომ ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა, მატჩი 1:1 დასრულდა და იტალია ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა, რის გამოც პლეი-ოფის თამაში მოუწია და სენსაციურად ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.
იტალიის ბოლო გამარჯვება ევრო 2020-ზე შედგა, გუნდები მაშინ ერთ ჯგუფში მოხვდნენ და აძურამ 3:0 მოიგო.
შვეიცარიამ კი იტალიას თავისი ბოლო მატჩი 1993-ში მოუგო - 1:0.
სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, სტერგიუ, ჯაკა, ფროილერი, აებიშერი, ნდოიე, ემბოლო, ვარგასი
დისკვალიფიცირებულია: ვიდმერი
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ფროილერი, ნდოიე, როდრიგესი, სიერო, ჯაკა.
იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, მანჩინი, ბასტონი, დარმიანი, ბარელა, ფაჯოლი, კრისტანტე, კიეზა, სკამაკა, ელ შაარავი
დისკვალიფიცირებულია: კალაფიორი
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: კრისტანტე, დონარუმა, ფაჯოლი, პელეგრინი.
ჩვენი პროგნოზი: შედეგიანი ფრე (1:1), დამატებითი დრო და იტალიის შემდეგ ეტაპზე გასვლა.
გერმანია - დანია [23:00]
მეორე მერვედფინალში მასპინძელი ერთვება საქმეში. პირველ ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, გერმანიამ ჯგუფის ბოლო მატჩში, შვეიცარიასთან, ცოტა კითხვის ნიშნები გააჩინა. ნაგელსმანის გუნდს ხშირად ეპარებოდა სწრაფი კონტრშეტევები, უფრო ნაკლებად დამაჯერებელი იყო, რაც შეიძლება სხვა გუნდებმა სამაგალითოდ გამოიყენონ.
პირველ ტურში გერმანელებმა არანაირი კითხვები არ დატოვეს, როცა შოტლანდიას 5:1 გადაურბინეს, მეორეში იყო მშვიდი გამარჯვება უნგრეთთან (2:0), შემდეგ კი, როგორც უკვე გითხარით, გუნდი ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლის ზღვარზე დადგა, რომ არა ბოლო წუთებზე გატანილი ფულკრუგის გამათანაბრებელი გოლი.
დანიას ევრო 2024-ზე ჯერ მატჩი არ მოუგია - გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი სამი ფრით და მხოლოდ ორი გატანილი გოლით დაიკავა. პირველ ტურში გუნდი სლოვენიას დაუზავდა (1:1), შემდეგ ინგლისს (1:1), ბოლო ტურში კი სერბეთთან (0:0) ვერ გამოავლინა გამარჯვებული.
სლოვენიასთან გუნდს ყველაფერში იდენტური მაჩვენებლები ჰქონდა, თუმცა დანია მეორე ადგილზე იმის გამო გავიდა, რომ ევრო 2024-ზე ერთი ყვითელი ბარათით ნაკლები მიიღო. თანაც, ის ერთი ბარათი სლოვენიის სამწვრთნელო შტაბის წევრს უჩვენეს. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, საკვალიფიკაციოზე უფრო მაღალი პოზიციის დაკავების გამო, დანია მაინც მეორეზე გადიოდა. ამიტომ, დიდად არც არაფერი შეიცვალა.
გერმანიის და დანიის ურთიერთშეხვედრეის ისტორია 28 მატჩს ითვლის - 15 გამარჯვება გერმანიამ მოიპოვა, 8 დანიამ, 5-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
გუნდებს შორის ბოლო ორი მატჩ ერთნაირი ანგარიშით 1:1 დასრულდა - 2017-ში და 2021-ში. უკანასკნელი გამარჯვება გერმანიამ ევრო 2012-ზე მოიპოვა (2:1), დანიამ კი ბოლოს გერმანიას 2007-ში მოუგო (1:0).
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რუდიგერი, შლოტერბეკი, მიტელსტადტი, ანდრიხი, კროოსი, მუსიალა, გიუნდოგანი, ვირცი, ჰავერცი
დისკვალიფიცირებულია: ტა
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ანდრიხი, მიტელსტადტი, რუდიგერი.
დანია: შმეიხელი, ანდერსენი, ვესტეგორი, კრისტენსენი, კრისტიანსენი, ნორგორი, ერიქსენი, ჰოიბიერგი, მელე, ჰოილუნი, ვინდი
დისკვალიფიცირებულია: ჰიულმანი
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ნორგორი, მელე, ვესტეგორი, ვინდი.
ჩვენი პროგნოზი: ორივე გაიტანს და გერმანიის გამარჯვება.