ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
ფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდნენ და ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ევროპის რაგბის კავშირმა ტურნირის დასრულების შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი ლუკა შულაია და ლუკა ბარბაქაძე მოხვდა.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იყო, ლუკა ბარბაქაძე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი წერტილი გახლდათ, რომელმაც ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში შესანიშნავად გამოიყურა.
რაც შეეხება ლუკა შულაიას, მან თავი დერეფანში გამორჩეული თამაშით დაამახსოვრა. სამ მატჩში მეტოქის დერეფანი ექვსჯერ მოიგო, გარდა ამისა, გუნდს რაქში ბურთის მოპოვებაშიც მნიშვნელოვნად ეხმარებოდა.