ევროპული სეზონი ოფიციალურად დღეს, 13 აგვისტოს იწყება - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უეფას სუპერთასის მატჩში ევროპა ლიგის ტრიუმფატორ ტოტენჰემს დაუპირისპირდება.
უდინე, იტალია - სტადიონი ბლუენერჯი [25 144 მაყურებელი]
პსჟ - ტოტენჰემი [პირდაპირი ტრანსლაცია: სილქ უნივერსალი]
თბილისის დროით 23:00 საათი
ლუის ენრიკესთვის ტოტენჰემთან დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო და მოსალოდნელი უნდა იყოს - 2023 წლის ზაფხულში სპურსის მფლობელმა დანიელ ლევიმ მას გასაუბრების შემდეგ კლუბის მწვრთნელობაზე უარი უთხრა და როგორც აღმოჩნდა, ესპანელისთვის კარგი საქმეც გააკეთა. ენრიკემ იმავე ზაფხულს პსჟ ჩაიბარა, რომელთან ერთადაც 7 ტიტული მოიგო, მათ შორის - კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგაც, რამაც პსჟ 1996 წლის შემდეგ პირველ სუპერთასამდე მიიყვანა [მაშინ გუნდი ზიდანის იუვენტუსთან დამარცხდა].
ქვიზი: როგორ გახსოვს უეფას სუპერ თასის ისტორია?
2024/25 სეზონის ერთი ამოსუნთქვით გატარება და ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა საკლუბო მუნდიალზე ჯერ ბოტაფოგოსთან ჯგუფში, შემდეგ კი ჩელსისთან ფინალში მარცხი აჩვენებს, რომ არც ეს პსჟ-ა დაუმარცხებელი და შესაბამისად, არც ტოტენჰემია უშანსოდ.
17 წლის შემდეგ პირველი ტიტული საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლუბს მთავარ მწვრთნელად ენჯ პოსტეკოგლუ დაეტოვებინა. შესაბამისად, ამ მატჩის შემდეგ გუნდში ბრენტფორდიდან თომას ფრანკი დაინიშნა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დღევანდელი მატჩისთვის მზად იქნება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სპურსს წარუმატებელი პრესეზონის ტური გამოუვიდა - გუნდი ჯერ ლუტონს და უიკომს დაუზავდა, შემდეგ კი ბოლო მატჩში ბაიერნთან 0:4 განადგურდა, რაც პსჟ-სთან მატჩის წინ შემაშფოთებლად გამოიყურება. ის კი არა, ტოტენჰემს ბოლო ოთხი ოფიციალური გამარჯვება უეფას ტურნირებზე აქვს მოპოვებული, რაც ერთის მხრივ დღევანდელი მატჩის წინ კარგი სტატისტიკაა, მეორეს მხრივ კი პოსტეკოგლუს გუნდის მძიმე მდგომარეობას გვახსენებს.
ცხელი სტატისტიკები:
პსჟ და ტოტენჰემი ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. პარიზულ კლუბს ინგლისელების წინააღმდეგ ბოლო 8 გამართული მატჩიდან 5 აქვს მოგებული (3 მარცხი), ტოტენჰემმა კი ფრანგებთან ბოლოს 2022/23-ში ითამაშა, როცა ორჯერ მარსელის დამარცხება შეძლო.
პსჟ-ს ბოლო ცხრა მატჩში გამარჯვებულმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სუპერთასის მოგება ბოლო 12-დან 11 შემთხვევაში მოახერხა.
ტოტენჰემის ბოლო 6-დან 5 მარცხი ოფიციალურ მატჩებში 2+ ბურთიანი სხვაობით იყო.
უეფას სუპერთასის ბოლო 10 გათამაშებიდან 7 შემთხვევაში გამარჯვებულის ბედი ექსტრა-ტაიმებმა ან სულაც პენალტების სერიამ გამოავლინა.
ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისური კლუბების წინააღმდეგ კარიერაში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (4 ლივერპულთან, 2 არსენალთან და 2-ც ასტონ ვილასთან). საიდანაც მისმა გუნდმა 5 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.
თავად კვარას სტატისტიკა ინგლისურ გუნდებთან ასეთია: 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.
პსჟ თუ ტოტენჰემი? კვარაცხელია იტალიაში მორიგი პარიზული ტიტულისთვის
დანაკლისი
პსჟ დღევანდელ მატჩში მხოლოდ ჟოაო ნევეშს მოისაკლისებს, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ტოტენჰემს კი ამ მატჩში ჯეიმს მედისონი და დეიან კულუშევსკი ვერ დაეხმარებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში, ზაირ ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია
ტოტენჰემი: ვიკარიო, პორო, რომერო, ვან დე ვენი, სპენსი, ბენტანკური, პალინია, კუდუსი, სარი, ოდობერტი, სოლანკე.