არსენალის ცენტრალურმა მცველმა, გაბრიელ მაჰალაესმა მანჩესტერ სიტის თავდამსხმელ ერლინგ ჰალანდთან არსებული მტრობა კიდევ უფრო გაამწვავა.
მას შემდეგ, რაც ლონდონურმა კლუბმა პრემიერ ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა, ბრაზილიელმა მცველმა TikTok-ზე საჩემპიონო თასით ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ფონურ მუსიკად Flo Rida-ს 2011 წლის ჰიტი Good Feeling შეარჩია.
ეს სიმღერა პირდაპირი პასუხია ნორვეგიელი ფორვარდისთვის. მიმდინარე სეზონში, როდესაც სიტიმ არსენალი 2:1 დაამარცხა, ჰალანდმა ტელეკამერების წინ სწორედ ამ სიმღერის მისამღერი შეასრულა. გაბრიელმა მომენტი ხელიდან არ გაუშვა და მეტოქეს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ სოციალურ ქსელშივე უპასუხა.
ამ ორ ფეხბურთელს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2024/25 წლების სეზონში დაიწყო, როდესაც მატჩის მიწურულს გატანილი გოლის შემდეგ ჰოლანდმა ბურთი გაბრიელს თავში განზრახ ესროლა. მოგვიანებით, როდესაც არსენალმა სიტი სახლში 5:1 გაანადგურა, ბრაზილიელმა ეს წარმატება ნორვეგიელს სახეში ყვირილით აღუნიშნა.
მიუხედავად პირადი უთანხმოებისა, ორმა ვარსკვლავმა ფენომენალური სეზონი ჩაატარა. ჰოლანდმა 52 მატჩში 38 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი ბოლო ოთხ სეზონში მესამედ მოიგო. გაბრიელი კი 50 შეხვედრაში არსენალის დაცვის ნამდვილ ბურჯად იქცა და გუნდს ნატვრითი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
გაბრიელის ყურადღება ახლა 30 მაისს, პსჟ-ს წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ არის მიმართული, თუმცა მისი და ჰოლანდის დაპირისპირების ახალი სერიები მომავალ სეზონშიც აუცილებლად გაგრძელდება.