მადრიდის რეალის ნახევარმცველი არდა გიულერი უეფას ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის აღმოჩენად დაასახელა.
ეს ახალი ჯილდო შექმნილია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების დასაფასებლად, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში გარღვევითი სეზონი ჩაატარეს. 21 წლის თურქმა ფეხბურთელმა 2025/26 სეზონში კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
თუ წინა სეზონში მას ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა ძირითად შემადგენლობაში დაწყებული (სულ 7 შეხვედრიდან), ამჯერად გიულერმა 13 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და საერთო ჯამში 14 შეხვედრაში ითამაშა.
სათამაშო დროის მხრივაც შთამბეჭდავი პროგრესი ჰქონდა - 2024/25 სეზონში მისი აქტივში მხოლოდ 142 წუთი იყო, ხოლო ახლად დასრულებულ სეზონში ეს მაჩვენებელი 1030 წუთამდე გაიზარდა.
უეფამ ეს ჯილდო სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზის ნაცვლად დააწესა. მისი მიზანია იმ მოთამაშეების აღიარება, რომლებმაც კონკრეტულ სეზონში განსაკუთრებული პროგრესი აჩვენეს და არა იმ ახალგაზრდების, რომლებიც უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავებად არიან ჩამოყალიბებულნი.
არდა გიულერის შემთხვევაში, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი თამაში ლიგის ეტაპზე ტურინის იუვენტუსთან მოგებულ შეხვედრაში ოქტომბერში. იმ მატჩში მან გუნდის ნახევარდაცვაში თამაშის კონტროლითა და კრეატიულობით გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.
თურქმა ფეხბურთელმა სეზონი 4 საგოლე გადაცემით დაასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი 2 გოლიც გაიტანა. ორივე ბურთი მან 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გაიტანა.
ვის შეუძლია ამ ჯილდოს მოგება?
კანდიდატი სეზონის დაწყების მომენტისთვის არ უნდა იყოს 21 წელზე უფროსი და კარიერის განმავლობაში ამ ჯილდოს მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაეუფლოს.
გარდა ამისა, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წინა გამარჯვებულები ამ ნომინაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს წინა გამარჯვებულები:
2024/25: დეზირე დუე (პსჟ)
2023/24: ჯუდ ბელინგემი (რეალი)
2022/23: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
2021/22: ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)