საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ათენში საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დღევანდელ ბლოგში გუშინდელ მატჩსა და მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგიყვებით.
ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შედარებით არასტანდარტული ფორმატით იმართება - ევროპისთვის განკუთვნილ 12 ადგილს გუნდები ორი ერთმანეთზე დამოკიდებული ფაზის წარმატებით გავლის შემთხვევაში იღებენ.
ევროპიდან საკვალიფიკაციო ციკლში 32 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც რვა ოთხგუნდიან ჯგუფში ნაწილდება - თითოეული გუნდი ჯგუფში ყველა მეტოქეს შინ და გასვლაზე ეთამაშება. ოთხიდან სამი საუკეთესო ასპარეზობას მეორე ეტაპზე აგრძელებს.
საქართველო პირველ ეტაპზე A ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და დანიასთან მოხვდა - ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა ორჯერ დანიას სძლია, ორჯერ უკრაინასთან დამარცხდა, ხოლო ესპანეთთან ერთი მატჩი დათმო და ერთიც მოიგო.
მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში ნაწილდება, საიდანაც ფინალურ ეტაპზე ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები გადის. მეორე ეტაპის I ჯგუფში საქართველოს ესპანეთს და უკრაინას პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო დაემატნენ.
პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე ნარჩუნდება, თუმცა გუნდები ამჯერად მხოლოდ იმ მეტოქეებთან თამაშობენ, რომელთაც პირველ ეტაპზე არ უთამაშიათ, ანუ ჩვენს შემთხვევაში მონტენეგრო, საბერძნეთი და პორტუგალია.
მეორე ეტაპი საქართველოსთვის ბრწყინვალედ დაიწყო - ჯიკიჩის გუნდმა ჯერ მონტენეგრო დაამარცხა შინ, შემდეგ კი პორტუგალიას სძლია გასვლაზე. მეცხრე მატჩისთვის ნაკრები ათენს ეწვია, მეტოქეს რომელიც ოფიციალურ მატჩში აქამდე არასდროს დაგვიმარცხებია.
უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გუნდის მდგომარეობას გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ურთულესი გრაფიკი ამძიმებდა. საბერძნეთთან თამაშამდე 24 საათით ადრე თორნიკე დუბაის რიგებში პარტიზანს ეთამაშებოდა - კაპიტანმა ევროლიგის მატჩში პარკეტზე 22 წუთი გაატარა.
შენგელია ათენში დილის 4 საათზე ჩაფრინდა, გზაში კი ბებიის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. თორნიკემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, 44 წუთი დაჰყო.
თორნიკეს თამაში მხოლოდ წუთები არ ყოფილა - შენგელიამ ბერძნებს 25 ქულა ჩაუგდო, 11-ჯერ მოუხსნა და ხუთჯერაც გუნდელებს ჩააგდებინა. სწორედ შენგელიას წინააღმდეგ დაირღვა წესები ოვერტაიმის დასრულებამდე 15 წამით ადრე, რამაც თამაშის ბედი ჩვენს სასაიკეთოდ შეცვალა.
სიმართლე გითხრათ, მე დღეს თოკოსთვის ვთამაშობდი
განაცხადა მატჩის შემდგომ დუდა სანაძემ, რომელიც ნაკრებს 13 ქულით დაეხმარა - "მინდა აუცილებლად ვთქვა თორნიკე შენგელიაზე. რასაც თორნიკე აკეთებს, მინდა ყველას სახელით მადლობა გადავუხადო. გზაში გაიგო, რომ ბებია გარდაეცვალა... მე დღეს თოკოსთვის ვთამაშობდი, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის... მაგრამ თოკო იმსახურებდა და ეს თოკოსთვისაა."
მატჩის მოგებაში, რომლის დასრულებამდეც 57 წამით ადრე მასპინძლებს შვიდ ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, უდიდესი წვლილი მარკის რიდმა შეიტანა - ამერიკელმა ბერძნებს 30 ქულა ჩაუგდო, რასაც სამი მოხსნა, სამი ასისტი და სამი ართმევაც მიამატა.
ბოლო 48 წამში ჩვენები ბერძნებს 11 ქულით გაექცნენ, რასაც მასპინძლები ვეღარ დაეწივნენ - 88:92. ისტორია დაიწერა - ბერძნები ათენში დავამარცხეთ და მსოფლიო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.
კვირას, 29 ნოემბერს საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს, ხოლო ჯგუფის ბოლო ორ მატჩს მონტენეგროსთან და საბერძნეთთან 26 თებერვალს და პირველ მარტს ჩაატარებს.