კადისი გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 25 წლის ქართველი ფლანგის მცველი ესპანური კლუბის ახალი ფეხბურთელი გახდება და გუნდის მარჯვენა ფლანგს გააძლიერებს.
მიუხედავად სელტა B-სთან ხუან დიასის კარგი თამაშისა და ბენიატ დე ხესუსის ბოლო პერიოდში დამატებისა, სპორტულმა დირექტორმა ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, რაც მარჯვენა ფლანგზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
Diario AS-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი კადისს შეუერთდება.
გოჩოლეიშვილი ამჟამად უკვე კადისში იმყოფება და მხოლოდ მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ შეიძლება შეცვალოს მისი მომავალი.
გასულ სეზონში ქართველმა მცველმა გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშა, სადაც 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ჩემპიონატის 9 და გერმანიის თასის 3 შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
მანამდე გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენშიც თამაშობდა, რომლის მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო საქართველოში საბურთალოს, ამჟამინდელი იბერია 1999-ის, შემადგენლობაში 86 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ის გუნდში იური ტაბატაძეს შეუერთდება, რომელთან ერთადაც სწორედ იბერია 1999-ში თამაშობდა.
ტაბატაძე ამჟამად მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, თუმცა აღდგენის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და მოედანზე მის დაბრუნებას უახლოეს მომავალში ელოდებიან.