Here we go! მსოფლიოში ყველაზე სანდო და გავლენიანი საფეხბურთო ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო 19 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქ თბილისს ეწვევა.
Sports Orient-ის ორგანიზებით და adjarabetarena-ის გენერალური სპონსორობით იტალიელი ჟურნალისტი, თბილისში დაგეგმილ რამდენიმე აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას.
19 სექტემბერს, Adjarabet HQ-ში დაგეგმილ შეხვედრაზე, ფაბრიციო რომანო სპორტული მედიის წარმომადგენლებს ვორქშოფს ჩაუტარებს და ისაუბრებს ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების მისეულ ტექნიკაზე, როგორ აყალიბებს ურთიერთობებს საფეხბურთო კლუბებთან, მენეჯერებთან და ფეხბურთელებთან. ასევე, ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ინფორმაციის გავრცელების გზები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და რა მნიშვნელობა აქვს გადამოწმებული ამბების გავრცელებას, სანდოობის მოპოვების პროცესში.
მოგვიანებით, რომანო შეხვედრას ჩაატარებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან და მათთან ამ პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. როგორ დაიწყო ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ჟურნალისტის კარიერა და რა გამოწვევები ჰქონდა მას კარიერის სხვადასხვა ეტაპზე.
დღის ბოლოს, ფაბრიციო რომანო პანელური დისკუსიის ფორმატში გულშემატკივარს შეხვდება და ისაუბრებს ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელ წარმატებულ ტრანსფერებზე, 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ ინსაიდებზე, ჩაშლილ ტრანსფერებზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები Tkt.ge-ის პლატფორმაზე გაიყიდება.
32 წლის ინსაიდერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტუმარია საფეხბურთო ღონისძიებებზე, სამიტებზე, ფორუმებზე და იქ, სადაც ფეხბურთის შიდა სამზარეულოს განხილვა უყვართ.