იან დიომანდემ გადაწყვიტა, რომ თუ ამ ზაფხულს ლაიფციგს დატოვებს, მისი შემდეგი კლუბი პარი სენ-ჟერმენი იქნება.
The Athletic-ის ინფორმაციით, 19 წლის კოტ-დ’ივუარელი პსჟ-ის პროექტს ენდობა, ასევე მას მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს, ხელმძღვანელობით მუშაობა სურს.
ვინგერი მიიჩნევს, რომ პარიზში გადასვლა საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს რეგულარულად იბრძოლოს ტიტულებისთვის და მომავალში შესაძლოა ოქროს ბურთის გამარჯვებულიც გახდეს.
მანამდე ლივერპული მზად იყო ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება გაეკეთებინა.
თუმცა, ლაიფციგმა ეს წინადადება არ მიიღო და ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 130 მილიონ ევროს ითხოვს.
ამასთანავე, გერმანული კლუბი ცდილობს დიომანდესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზაფხულს ესპანური ლეგანესიდან გადავიდა, კლუბთან ხელშეკრულება 2030 წლამდე გააფორმა.
დიომანდე ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე კოტ-დ’ივუარის ნაკრების რიგებში იმყოფება და, სავარაუდოდ, ნორვეგიის წინააღმდეგ 1/32-ფინალურ შეხვედრაში ითამაშებს.
შემტევი, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა.
მან 33 ლიგურ მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ლაიფციგს ბუნდესლიგაში მესამე ადგილის დაკავებასა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
თუ დიომანდე კლუბს დატოვებს, დიდი ალბათობით, ის ლაიფციგის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება და იოშკო გვარდიოლის მანჩესტერ სიტიში გადასვლას (90 მილიონი ევრო) გადააჭარბებს.