იან მაჩადო გარის საქართველოში მოგზაურობა შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მან ტიტულისთვის ბრძოლის შანსი დაიბევა.
გარი ცნობილი თავისი „მომთაბარე“ სავარჯიშო მეთოდებით გახდა, ის სხვადასხვა დარბაზში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, რათა საკუთარი უნარები გააუმჯობესოს. ბოლო ბრძოლებისთვის მისი მთავარი ბაზა ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მდებარე Chute Boxe Academy გახდა, თუმცა ამჟამად მან საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
იან მაჩადო გარი სოციალური მედიის ხშირი მომხმარებელი არ არის და მისი გვერდი უმეტესად ოჯახურ ვიდეოებს, სარეკლამო და სპონსორულ მასალებს ეთმობა.
თუმცა მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ გამოემგზავრა ის თბილისში. როგორც ცნობილია, ირლანდიელი გორში გადის მოსამზადებელ ეტაპს და ცდილობს მისი ჭიდაობის უნარები დახვეწოს.
„გპირდებით საქართველოში ჩამოვალ,“ - უთხრა გარიმ ჟურნალისტს UFC Qatar-ზე ბელალ მუჰამედთან გამარჯვების შემდეგ.
„საქართველოში ფენომენალური ჭიდაობაა, ფენომენალური ძიუდოა, ფენომენალური სამბოა და როცა ემზადები ისეთი მებრძოლისთვის, როგორიც ისლამ მახაჩევია, ეს ყველაფერი დამჭირდება.
ასე რომ, საქართველო, მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარება დამჭირდება. ყველა ცაცია მოჭიდავე, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევივით იბრძვის, თქვენი დახმარება მჭირდება.“
ნოემბერში ქვესაშუალო წონაში გადასვლის და მეორე ქამრის მოპოვების შემდეგ, ისლამ მახაჩევი აცხადებს, რომ ვარჯიში და წონის დაკლება ბევრად გამარტივდა. შედეგად, ის მომავალში მეტ აქტიურობას გეგმავს.
კამარუ უსმანი, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, ტიტულის შანსის კანდიდატად მიიჩნევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მას და მახაჩევს საერთო მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, ჰყავთ.
თუმცა გარი აშკარად უფრო ლეგიტიმური პრეტენდენტია თავისი 17-1 რეკორდით, რომელიც რამდენიმე რეიტინგულ გამარჯვებასაც მოიცავს.
მისი ერთადერთი მარცხი შავკატ რახმონოვთან იყო UFC 310-ზე, რაც ძალიან ახლო გადაწყვეტილებით დასრულდა. მას შემდეგ დაუმარცხებელ ყაზახ ვარსკვლავს აღარ უბრძოლია, რაც გარის თქმით, იმ ტრავმის შედეგია, რომელიც მან თავად მიაყენა.