ბელგიური მედია სენტ-ტრუიდენისა და იბერია 1999-ის დაპირისპირების დეტალებს აქვეყნებს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის სადებიუტო შეხვედრამდე, ბელგიურმა გამოცემა Het Belang van Limburg-მა თბილისის იბერია 1999-ისა და სენტ-ტრუიდენის მატჩის ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაასაჯაროვა.
მატჩის მთავარ მსაჯად უეფა-მ 31 წლის თურქი რეფერი, მეჰმეთ თურქმენი დანიშნა. მსაჯი თურქულ ფეხბურთში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მას უმაღლეს ლიგაში დებიუტი სამი წლის წინ ჰქონდა, ფიფას არბიტრის სტატუსი კი ორ წელიწადში მოიპოვა.
მის აქტივში თურქეთის სუპერლიგის 46 მატჩი და 11 საერთაშორისო შეხვედრაა. სენტ-ტრუიდენი პირველი ბელგიური კლუბია, რომლის თამაშსაც თურქი მსაჯი გაუძღვება.
ბელგიური მედიის ყურადღება მიიპყრო ქართული კლუბის საკადრო ვითარებამაც. სტატიაში აღნიშნულია იბერია 1999-ის 17 წლის ტალანტის, ანდრია ბართიშვილის ტრანსფერი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ლონდონის არსენალმა 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარის წესით იბერიაში დატოვა.