-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველად 22 წლის შემდეგ ქართული გუნდი ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს - იბერია 1999 უეფას კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრას 15 ოქტომბერს სენ-ტრუიდენის წინააღმდეგ გამართავს.
ბელგიური კლუბის გარდა, ლიგის ფაზის ეტაპზე თბილისური კლუბუ მიალბიუს, კოპენჰაგენს, ხეტაფეს, ცვერნა ზვეზდასა და იაბლონეცს დაუპირისპირდება. დღევანდელ ბლოგში იმ გუნდებზე მოგიყვებით, რომლებიც საფეხბურთო ანალიტიკოსების აზრით კონფერენს ლიგის ამ სეზონის გათამაშების მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან.
ბრაიტონი
კონფერენს ლიგის ხუთი გათამაშებიდან სამი და მათ შორის ბოლო ორი ინგლისურმა კლუბმა მოიგო - ვესტ ჰემი, ჩელსი და ბოლოს კრისტალ პალასი. უეფას ახალი ტურნირი ნელ-ნელა ინგლისური კლუბების დომინაციის სივრცედ ყალიბდება.
სწორედ ამ მიზეზით, წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ბრაიტონ ჰოვ ალბიონი ითვლება - მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ფაბიან ჰარზელერის გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ხუთი ტურით ადრე ადგილს პრემიერ ლიგის საუკეთესო სამეულში იკავებს.
ატალანტა
საწყის ტურებში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ ბერგამოული გუნდის საქმეები კარგად არ მიდის, თუმცა ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაურისიო სარის გუნდი გათამაშების ფავორიტების სიაში მაინც მოწინავე ადგილებს იკავებს.
იტალიის ჩემპიონატში დიდი კონკურენციის პირობებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2023/24 წლების სეზონის ევროპა ლიგის გამარჯვებულების მთავარი აქცენტი შესაძლოა სწორედ კიდევ ერთ ევროპულ ტიტულზე გაკეთდეს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელებს ლიგის ფაზაში არც ისე რთული მეტოქეები შეხვდათ.
მონაკო
კიდევ ერთი საკმაოდ სიმპათიური გუნდი, რომელმაც სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ფილიპე ლუისის მონაკოა. ბრაზილიაში ფლამენგოსთან ერთად ყველაფრის მოგების შემდეგ, მონაკო ახალგაზრდა სპეციალისტისთვის პირველი ევროპული კლუბია.
ლიგა ერთში ბრწყინვალე სტარტი, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა და მწვრთნელი, რომელსაც ტიტულების მოგება ძალიან უყვარს, მონაკოს ფავორიტთა სიაში საკუთარ ადგილს სრულიად დამსახურებულად უკავებს.
ფრაიბურგი
სიაში შემდეგი გუნდი ევროპა ლიგის წინა სეზონის ფინალისტი ფრაიბურგია. მართალია, იულიან შუსტერის გუნდი ფინალში ასტონ ვილასთან უშანსოდ დამარცხდა, თუმცა ბადენ-ვიურტემბერგელებმა ფინალამდე ბრწყინვალედ იარეს.
ფრაიბურგმა ეს სეზონიც მშვენივრად დაიწყო - შუსტერის შეგირდები ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ბაიერნსა და დორტმუნდს ჩამორჩებიან. გამოსარჩევია ფრაიბურგის შედეგიანობა შეტევაში - ბუნდესლიგაში გატანილი გოლებით მათ მხოლოდ მიუნხენის ბაიერნი უსწრებს.
აიაქსი
აიაქსს ბოლო წლებში რომ კარგი პერიოდი არ უდგას არახალი ამბავია - 2019-2022 წლებში ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონობის შემდეგ, ამსტერდამულ კლუბს სერიოზული ჩავარდნა დაეწყო და ბოლო სეზონში გათამაშება საერთოდ მეხუთე ადგილზე დაასრულეს.
მიუხედავად ამისა, მიშელის გუნდი ზაფხულში არაერთი ფეხბურთელით გაძლიერდა და ოთხწლიანი უტიტულო სერიის შეწყვეტას ევროპული ტიტულის მოგებით შეეცდებიან - ევროთასი კი აიაქსს უკვე 31 წელია არ მოუგია.

ნიკოლოზ კვარაცხელია
05 ოქტ, 2026
კომენტარები