გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ GIVEMESPORT-მა 17 წლის ქართველ ვუნდერკინდს, ანდრია ბართიშვილს, რომელმაც ლონდონის არსენალთან წინასწარი კონტრაქტი სექტემბერში გააფორმა, ვრცელი სტატია მიუძღვნა.
ბრიტანული მედია ახალგაზრდა ფეხბურთელს ინგლისური კლუბის მომავალს უწოდებს. ტრანსფერი არსენალს დაახლოებით ოთხი მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, ამჟამად კი ბართიშვილი იჯარით თბილისის იბერიაში თამაშობს.
ქართული კლუბის შემადგენლობაში მან უკვე იასპარეზა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე, ხოლო ოქტომბრიდან კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
გამოცემის ცნობით, არსენალი ბოლო თვეებში აქტიურად მუშაობს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების მოსაზიდად, რათა 16 წლის მაქს დაუმანის წარმატებული ტრანსფერის ისტორია გააგრძელოს, რომელსაც მიქელ არტეტა სრულ ნდობას უცხადებს.
ორივე ფლანგზე მოთამაშე გარემარბს, ბართიშვილს, უკვე ადარებენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ნაპოლიში და ახლა უკვე პარი სენ-ჟერმენში დიდი წარმატება მოიპოვა. 17 წლის ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ახალ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და ყველა მონაცემი აქვს, რომ მომავალი სუპერვარსკვლავი გახდეს.
GIVEMESPORT წერს:
არსენალში უკვე ოცნებობენ მომავალ შემადგენლობაზე, რომელშიც დაუმანი და ბართიშვილი გვერდიგვერდ ითამაშებენ და მსოფლიო ფეხბურთის ორი ყველაზე ახალგაზრდა ტალანტი არსენალის ფერებში გაიბრწყინებს.