-
Aa
+
ფონტის ზომა
ფეხბურთელი, რომელიც რეალთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბის გარეშეა დარჩენილი, მადრიდულ გუნდს თავად დაუკავშირდა და ტრანსფერის განხორციელების სურვილი გამოთქვა.
ინფორმაცია თავდაპირველად ABC-მ გაავრცელა, მოგვიანებით კი SER-მა, ხოსე დავიდ პალასიოს ცნობებზე დაყრდნობით, დაადასტურა.
თავის მხრივ, ხეტაფე თავისუფალი აგენტის დამატებით დაინტერესებულია, რადგან გუნდს განაცხადში თავისუფალი ადგილებიც აქვს და შესაბამისი ფინანსური რესურსიც.
თუმცა, მთავარი დაბრკოლება შესაძლოა ლა ლიგისგან თანხმობის მიღება გახდეს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
საკითხი ასევე უნდა განიხილონ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასთან და მის სამწვრთნელო შტაბთან.
რეალურად, ბორდალასს პირველ რიგში ფლანგის შემტევების დამატება სურს, თუმცა კლუბი კიდევ ერთი ნახევარმცველის შეძენასაც გეგმავს.
ამის მიუხედავად, ხეტაფე ადასტურებს, რომ კარვახალთან მის დაუყოვნებლივ გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რეალში გატარებული პერიოდის განმავლობაში კარვახალმა 62 საგოლე გადაცემა და 14 გოლი მიითვალა. მათ შორის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი.
ბოლო სეზონებში მას მუხლის პრობლემები აწუხებდა, რაც 2024/25 წლების სეზონში მიღებული მძიმე ტრავმით დასრულდა. კარვახალმა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და ამის შემდეგ რეალის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
გარდა ამისა, სანტიაგო ბერნაბეუზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მისვლამ მის პოზიციაზე კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა.
სწორედ ამიტომ დანი კარვახალმა რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და კლუბში მისი ხანგრძლივი კარიერა 451 ჩატარებული მატჩით დაასრულა.
კარვახალის ტიტულების კოლექციაში შედის 6 ჩემპიონთა ლიგა, 6 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 5 უეფას სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 4 ესპანეთის სუპერთასი.
ჯამში მან რეალის მაისურით 27 ტიტული მოიგო, რაც მას კლუბის ისტორიაში მე-2 ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად აქცევს. მას მხოლოდ ლუკა მოდრიჩი უსწრებს, რომელსაც 28 ტიტული აქვს.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი კარვახალმა 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2025 წელს უეფას ერთა ლიგა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ხეტაფე კონფერენს ლიგაზე იბერია 1999-ს 26 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

თაზო ჩარკვიანი
05 ოქტ, 2026
კომენტარები