მადრიდის რეალიდან ენდრიკის წასვლა რომ დროის ამბავი იყო, ბოლო კვირებში გავიგეთ, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა.
ფრანგულმა ლიონმა ბრაზილიელის იჯარით აყვანის შესახებ გამოაცხადა და, სოციალური ქსელების მეშვეობით, იგი საზოგადოებას წარუდგინა.
მადრიდული MARCA-ს ინფორმაციით, 19 წლის შემტევი ლიონის რიგებში 6-თვიანი იჯარით ითამაშებს, შემდეგ კი ისევ ბერნაბეუზე დაბრუნდება. მერენგესთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ასევე, ფეხბურთელის 4.2 მლნ ევროს ოდენობის ხელფასიდან ლიონელები 1 მლნ ევროს გადაიხდიან, დანარჩენს ისევ მადრიდული გრანდი დაფარავს.
სამხრეთ ამერიკელის იჯარა დაადასტურა რეალმაც, რომლის რიგებშიც ამ სეზონში ჯამურად 101 წუთი აქვს ნათამაშები.
ენდრიკი ფრანგული გუნდის სავარჯიშო პროცესში 29 დეკემბრიდან ჩაერთვება, ხოლო რაც შეეხება მაისურს, 9-ნომრიანს მოირგებს.