არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სევილიასთან მატჩში მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა ვინისიუს ჯუნიორს დაუსტვინეს.
ბრაზილიელმა მორიგი უგოლო მატჩი (ზედიზედ მე-17) ჩაატარა, რის შემდეგაც გულშემატკივრებმა მოედნიდან სტვენით გააცილეს.
ჯუნიორი სევილიასთან მატჩზე კაპიტნის სამკლაურით გავიდა, რაც პირველად არ მომხდარა: ის რეალის ოთხი კაპიტნიდან ერთ-ერთია.
მორიგი უსახური მატჩის შემდეგ, ფეხბურთელი მოედნიდან 83-ე წუთზე გაიყვანეს და ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკის დიდმა ნაწილმა ის სტვენით გააცილა. უშუალოდ მოედანზე ვინის არანაირი რეაქცია არ ჰქონია, თუმცა თამაშის შემდეგ არ დააყოვნა. ჯერ ინსტაგრამზე რეალის პროფილის ფოტო ბრაზილიის სურათით შეცვალა, შემდეგ კი გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც აღწერაშიც უბრალოდ სამი წერტილი დაურთო.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ტალავერასთან მატჩში, რომელიც რეალმა 3:2 მოიგო, ვინისიუსი ასევე უსიამოვნებაში გაეხვა.
ბრაზილიელმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თუმცა არ მოუწყენია: როცა მასპინძლებმა 91-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს და თამაში დაძაბეს, ის ენდრიკთან ერთად რაღაცაზე მშვენივრად ერთობოდა — სანამ ალონსო ნერვიულობდა, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გულიანად იცინოდა.
ბუნებრივია, ეს მომენტი ესპანურ პრესას არ გამორჩენია, თუმცა რეალში ეს ყველაფერი უკომენტაროდ დატოვეს.
AS-ის ინფორმაციით, რეალი ვინისიუსის გარშემო დაძაბულ ატმოსფეროზე ძალიან ღელავს.
ამ ყველაფრის ფონზე, ვინისიუსი წლიურად 30 მილიონ ევროს ითხოვს. ამის გამო მხარეები ვერ თანხმდებიან.
ვინისიუსი რეალთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას დღემდე ვერ ახერხებს და მეტიც, შეთანხმებასთან ახლოსაც არ არის.
ოქტომბერში ინსაიდერმა მარიო კორტეგანამ დაწერა: ვინგერმა ფლორენტინო პერესთან პირადად ილაპარაკა და უთხრა, რომ ჩაბი ალონსოსთან ურთიერთობა საშინლად გაფუჭებული აქვს — იმდენად, რომ ამ ეტაპზე, გახანგრძლივებას არც კი განიხილავს. თუმცა, საქმე მხოლოდ ალონსოშიც არ არის — რეალს თვითონაც არ უნდა მისთვის წლიურად 30 მილიონის გადახდა.
მადრიდი ბრაზილიელს 20 მილიონ ევროს სთავაზობს წლიურად, ის კი ათით მეტს ითხოვს, რომელიც რეალს არასდროს, არავისთვის არ მიუცია.
არსებობს ვერსია, რომ ვინისიუსის აგენტები სპეციალურად წელავდნენ მოლაპარაკებებს, რათა ენახათ, როგორ განვითარდებოდა სეზონი ალონსოსთან ერთად. ამის ხარჯზე, მათ მოლაპარაკებებში უპირატესობის მოპოვება სურდათ. რეალი ამ დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და ამიტომ, თვითონაც არ ჩქარობს.
AS-ი წერს, რომ კლუბმა მოლაპარაკებები ზაფხულში შეაჩერა. რეალი ვინისიუსის შარშანდელი სეზონით უკმაყოფილოა და სურს გადახედოს, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ძველი ფორმის დაბრუნებას.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
