ინგლისში VAR-ის სისტემის ახალი მოდელის ტესტირებას აპირებენ, რომელიც მწვრთნელების მიერ ეპიზოდების გადამოწმების მოთხოვნას (Challenge) გულისხმობს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, გუნდებს შესაძლოა მიეცეთ უფლება, მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტონ, თუმცა ლიმიტირებული რაოდენობით — მაქსიმუმ ორი წარუმატებელი აპელაცია მატჩის განმავლობაში.
მსგავსი სისტემა უკვე წარმატებით მუშაობს სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად, ჩოგბურთსა და ამერიკულ ფეხბურთში. საკითხის განხილვა შაბათს, ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სხდომაზე მოხდა.
როგორ იმუშავებს ახალი სისტემა?
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის (FA) მიერ განხილული ვარიანტით: VAR და სხვა ტექნოლოგიები ავტომატურად მხოლოდ ფაქტობრივ გადაწყვეტილებებზე (მაგალითად, ოფსაიდზე) იმუშავებს.
სუბიექტური ეპიზოდებისას (ჯარიმა, ხელით თამაში), მსაჯი ვიდეოგანხილვას მხოლოდ მაშინ მიმართავს, თუ ამას მწვრთნელი მოითხოვს.
FA-ის გენერალურმა დირექტორმა, მარკ ბულინგემმა აღნიშნა:
„ეს საინტერესო მიმართულებაა. ასეთი მოდელი ცვლის დინამიკას, ამცირებს VAR-ის ჩარევების რაოდენობას და პასუხისმგებლობას მწვრთნელს აკისრებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოდელის შესწავლას და მის ტესტირებას ფეხბურთის იმ სეგმენტებში, სადაც სრულფასოვანი VAR-ის დანერგვა ფინანსურად რთულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ეს მოდელი მთავარი ფეხბურთისთვისაც სწორი არ აღმოჩნდება.“