ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მადრიდის ატლეტიკო მილანის ინტერს მიიღებს. პირველი შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ატლეტიკო - ინტერი (23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
პირველი მატჩის შემდეგ ატლეტიკომ 4 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო (ბეტისი), 1 ფრედ ითამაშა (ალმერია), 2-ჯერ კი დამარცხდა (ატლეტიკი, კადისი). მადრიდელები ატლეტიკთან დაპირისპირებაში კოპა დელ რეის გამოეთიშნენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ როხიბლანკო ცუდ ფორმაშია და ინტერის დამარცხებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
დიეგო სიმეონე: "ჩვენ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით, მაგრამ მე ჩემი მოთამაშეებისა და გუნდის მჯერა და ვიცი, რომ კარგ მატჩს ჩაატარებენ დიდებული მეტოქის წინააღმდეგ. ეს მატჩი ძალიან დიდ კონცენტრაციას მოითხოვს და ვინც ამას გამოიჩენს, ის მოიგებს."
თავის მხრივ შეუჩერებელია ინტერი, რომელსაც 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს სერია ა-ში კი 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ნერაძური მადრიდში ერთბურთიანი უპირატესობით ჩადის და შეეცდება აღნიშნული ფორა შეინარჩუნოს ან სულაც გაზარდოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
სიმონე ინძაგი: "ძალიან რთლი მატჩი იქნება იმ სტადიონზე, სადაც ატლეტიკომ ლა ლიგაში 13 მატჩი მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის ღამეები გამორჩეულია და ჩვენ ამ თავგადასავლის გაგრძელება გვინდა. პირველი შეხვედრის შემდეგ მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ამის დავიწყებას შევეცდებით. სან სიროზე ატლეტიკომ აჩვენა თუ რისი გაკეთება შეუძლია."
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო - ობლაკი; ლინო, ერმოსო, გაბრიელი, ვიტსელი, მარკოს ლიორენტე; ბარიოსი, კოკე, დე პაული; მორატა, გრიზმანი/დეპაი.
ინტერი - ზომერი, პავარი, დე ვრაი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო; ტურამი, მარტინესი.
მატჩის მთავარი არბიტრი პოლონელი სიმონ მარჩინიაკი იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩში იმსაჯა (დორტმუნდი - მილანი, ლაციო - ფეიენოორდი, პსჟ - ნიუკასლი) და მოთამაშეებს ჯამში 19 ყვითელი ბარათი უჩვენა, ამასთან მან 1 პენალტიც დანიშნა.