ინტერის ყოფილმა მწვრთნელმა, ანდრეა სტამაჩონიმ დასვენების დროს ორი გოგონა გადაარჩინა, რომლებიც ზღვაში იხრჩობოდნენ.
28 ივლისს სტრამაჩონიმ 17 და 19 წლის გოგონები წყლიდან ამოიყვანა და სანაპირო დაცვისგან სიმბოლურად, წითელი მაისური მიიღო საჩუქრად. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სტრამაჩონი ოჯახთან ერთად აპულიის რეგიონის გარგანოს ნახევარკუნძულზე ისვენებდა.
„ქოლგის ქვეშ მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვიჯექი, როცა დავინახე, რომ ხალხი სანაპიროზე ერთ ადგილას იკრიბებოდა. ერთ-ერთი მაშველი წყალში იყო და ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ორი გოგონა ხელებს იქნევდა და ყვიროდა, ამიტომ წამოვდექი და ეგრევე წყლისკენ გავიქეცი. ხიფათი მალევე შევნიშნე. მაშველი მარტო ვერაფერს გახდებოდა.
არც გმირი ვარ და არც შეშლილი, პირიქით, რაღაც მომენტში მეც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როგორც ადამიანმა, რომელსაც მსგავსი სიტუაციებისთვის საკმარისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემები გააჩნია, თავი ვალდებულად ვიგრძენი, რომ დავხმარებოდი.
ბოლო დღეებში ზღვა ღლავდა. სანაპირო ორ კლდოვან კონცხს შორის მთავრდება და იქ ყველაზე დიდი ტალღები იცის. როცა ტალღა კლდეს ეჯახება, უფრო ძლიერი ხდება. ეს გოგონებიც სწორედ იმ ადგილას იყვნენ. მაშველი წყალში ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე შევიდა - არც თოკი ჰქონდა, არც ჟილეტი, მეც შიშველი ხელებით შევვარდი წყალში. მითხრა, რომ უფროს გოგოსთან მივსულიყავი, თვითონ კი მეორეზე გადაერთო. როგორც კი გოგონას მივუახლოვდი, მან მითხრა, რომ ძალიან ეშინოდა. ღრმა წყალი იყო და ძლიერი ტალღები. ვუმეორებდი, რომ დამშვიდებულიყო და ხუთ წუთში ყველაფერი მოგვარდებოდა. ბოლოს ზუსტად ასეც მოხდა.
როგორც კი უსაფრთხო ადგილამდე მივედით, მივტრიალდი, რათა მაშველის და მეორე გოგონას სიტუაცია მენახა. გოგონა შოკში იყო. მაშველი ვერ ეხმარებოდა, ამიტომ კვლავ წყალში მომიწია შებრუნება. გოგონა სასოწარკვეთილი იყო: ხან წყალი ფარავდა, ხან კვლავ გამოჩნდებოდა და რაც ყველაზე ცუდია, წყალს ყლაპავდა. მალევე სამაშველო ნავი მოვიდა და ჩვენთან სცადა მოახლოვება, თუმცა კლდეებთან ვიყავით ძალიან ახლოს და ნავი ვერ გვწვდებოდა. შეშინებული ვიყავი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს გოგო წყალში მეც მიმათრევდა. ის დარწმუნებული იყო, რომ იხრჩობოდა.
ვთხოვე, რომ ჩემი ერწმუნა. ერთადერთი გამოსავალი იყო პატარა ყურეში, კლდეებს შორის შევტეულიყავით, ამიტომ ხელი მოვკიდე და პირდაპირ იქ „შევაგდე" - ამ დროს ის წყლის ქვეშ აღმოჩნდა. როცა ამოვყვინთე, ორიენტაცია მქონდა დაკარგული და ქვებს შევეჯახე. თუმცა, ხალხმა თოკი მესროლა და ხელები და ფეხები კი დავიზიანე, მაგრამ ამოვძვერი. გოგონა უსაფრთხოდ იყო, თუმცა ამის შესახებ მე მხოლოდ ნაპირზეღა გავიგე. მარტო მაშინ ამოვისუნთქე შვებით.
გმირი არ ვარ, მაგრამ ეს გოგონები დაიხრჩობოდნენ და ვერც მაშველი გადარჩებოდა. ბევრი ფიქრი არ დამჭირდა და პირდაპირ წყალში ჩავყვინთე. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ხალხს ახსოვდეს, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია." - აღნიშნა სტრამაჩონიმ.