"ბავშვი სწავლობს მაშინ, როცა თამაშობს - ვარჯიში არის თამაში, ექსპერიმენტი, აღმოჩენა, შეცდომა და სწორ პასუხამდე მისვლა საკუთარი, უნიკალური გზით. შეცდომა დანაშაული კი არა, განვითარების მთავარი შესაძლებლობა და შანსია", - ეს ამსტერდამის აიაქსის აკადემიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
23 წლის ლუკა ოკუჯავამ, რომელიც დინამო თბილისის 17 და 19-წლამდე გუნდთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და ანალიტიკოსად მუშაობს, აიაქსში სამწვრთნელო სტაჟირების 9-თვიანი კურსი გაიარა. ამჟამადაც საშუალება აქვს, იქაურ სიახლეებს ყოველდღიურად, დისტანციურ რეჟიმში, მჭიდრო კომუნიკაციის ფონზე, მიადევნოს თვალი.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სასწავლო ნაწილი იყო ის, თუ როგორ უნდა აინტეგრირო ტექნიკური უნარები სისტემურ სავარჯიშო პროცესში პოზიციური, სიტუაციური და მცირე ზომის თამაშების გამოყენებით, რაც ფეხბურთელს არა მექანიკურად გამეორების, არამედ რეალური სათამაშო სიტუაციის შექმნით, შაარსობრივად შესწავლის საშუალებას აძლევს, რაც შემოქმედებითობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, თავისუფლებასა და სათამაშო ინტელექტს ზრდის.
იქაური სავარჯიშო დრო საქართველოში სავარჯიშო დროს მინიმუმ 2-ჯერ აღემატება. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ინტენსივობას, ანუ გამეორებების სიხშირეს ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და მენტალური მიმართულებებით, რათა მოთამაშემ მოქმედებების ეფექტიანად ავტომატიზაცია შეძლოს.
თითოეულ სავარჯიშო პროცესში მთავარი მწვრთნელი, ასისტენტი, ინდივიდუალური უნარების მწვრთნელი, ფიტნეს მწვრთნელი, მეკარეების მწვრთნელი და პერსონალია ჩართული, რაც 2 ბავშვზე 1 მწვრთნელს გულისხმობს. საქართველოში, ძირითადად, მთელ ვარჯიშს 1 ან 2 მწვრთნელი ატარებს, რაც ინდივიდუალური ყურადღების მოცულობას ამცირებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება კიდევ ის არის, რომ აიაქსში შედეგი უკანა პლანზეა, პრიორიტეტი კი მოთამაშის ინდივიდუალური განვითარებაა. საქართველოში პირიქით არის - 7 და 8 წლის ბავშვებშიც მთავარი აქცენტი ხშირად შედეგსა და მოგებაზე კეთდება, რაც მოთამაშეზე, წნეხისა და სტრესის გამო, ინდივიდუალურ განვითარებას, თავისუფალ აზროვნებასა და შემოქმედებითი ზრდის სივრცეს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
აიაქსი არის კლუბი ფუნდამენტური ფილოსოფიით, რომელიც ინოვაციას, სისტემურობასა და მოთამაშის ინდივიდუალური განვითარების პრიორიტეტს აერთიანებს. კლუბის სამუშაო ხასიათი ეფუძნება იოჰან კრუიფის პრინციპებს, რომელიც გვასწავლის, რომ ფეხბურთელი უნდა იყოს მოაზროვნე, თავისუფალი და პასუხისმგებლიანი, ხოლო გუნდი ორგანიზმივით ერთად მოქმედი ერთეული, რომელშიც თითოეული წევრის როლი სათანადოდაა გამოხატული", - გვიყვება ახალგაზრდა მწვრთნელი.
ლუკა ოკუჯავა აიაქსის სასკაუტო ქსელშია ჩართული და მათთვის უწყვეტად მუშაობს, პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სპიკერია.