მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ფედერიკო ვალვერდეზე და კილიან მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა.
„ფედეს ვუთხარი, რომ ისევე მჭირდება მისი გოლები და საგოლე გადაცემები, როგორც ეს კარლო ანჩელოტის დროს იყო. რატომაც არ უნდა ვთხოვო ეს? ჩემი მოსვლის დღიდან ის საკუთარ დონეს ამტკიცებს და აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩემთვის.
ის კაპიტანია, მოედანზე პრაქტიკულად ჩემი გაგრძელება და ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სრულყოფილად ასახავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს რეალის ფეხბურთელი.
ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ მისი დონით, თამაშითა და თავდადებით, რადგან ის არის მოთამაშე, რომელსაც დისკომფორტის დროსაც კი არ სურს გაჩერება და თამაშის გაგრძელება უნდა“.
მბაპეს არყოფნის შესახებ:
„გუშინ მან ვარჯიში ნაადრევად დატოვა, მანამდეც გრძნობდა დისკომფორტს. ვარჯიშის შემდეგ მას ვესაუბრე, სამედიცინო გუნდთანაც გავიარეთ კონსულტაცია და ჩავთვალეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი გაჩერება და 100%-ით აღდგენა იყო. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაველოდებით, რომ ფორმა და თავდაჯერება დისკომფორტის გარეშე დაიბრუნოს. იმედია, ეს მხოლოდ დღეების საკითხი იქნება და დიდხანს არ გაგრძელდება.“
დისკომფორტია თუ ტრავმა?
„მე ვერ გეტყვით განსხვავებას დისკომფორტსა და ტრავმას შორის. როდესაც ის ჩერდება, ეს იმიტომ ხდება, რომ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ჩვენ ამას აუცილებლობად მივიჩნევთ.
თუ ის არ თამაშობს, ესეიგი ტრავმირებულია. თუ დისკომფორტი თამაშში გიშლის ხელს, შეგვიძლია ამას ტრავმაც ვუწოდოთ. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და რამდენიმე დღეში ან კვირაში დაბრუნდება. დიაგნოზი გვაქვს და ზუსტად ვიცით, რა ხდება, თუმცა მე არ ვარ ის პირი, ვინც ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ ასეთ მონაცემებს გაასაჯაროებს. ჩვენი მიზანია, ის სრულად გამოჯანმრთელდეს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ახლა უნდა გაჩერდეს.“