მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა კლებერსონმა გაიხსენა, თუ როგორ ეხუმრებოდნენ გუნდში ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუს.
ბრაზილიელი და პორტუგალიელი ინგლისურ კლუბში ერთდროულად, 2003 წელს გადავიდნენ. კლებერსონი, რომელმაც 2002 წელს ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მანჩესტერში 2005 წლამდე თამაშობდა, ხოლო რონალდუ - 2009 წლამდე.
„ეს ძალიან სასაცილო ისტორიაა. გასახდელში ჯემბა-ჯემბასთან, რიო ფერდინანდთან და სხვა მოთამაშეებთან ერთად ვსხედვართ. კრიშტიანუმ დაიწყო მსჯელობა რონალდოზე, რონალდინიოზე და სხვა ვარსკვლავებზე. უცებ თქვა: ოდესმე ფიგუზე უკეთესი ვიქნები!
ჩვენ დაცინვა დავიწყეთ: კრიშტიანუ, კარგი, რა, უბრალოდ ხუმრობ! ფიგუს ვერასდროს აჯობებ! თუმცა მან ეს შეძლო! რონალდუმ ბრწყინვალე კარიერა შექმნა.
თუმცა ჩემთვის რთულია სხვადასხვა ეპოქის მოთამაშეების შედარება. მე დიეგო მარადონას თამაშზე გავიზარდე, შემდეგ ლიონელ მესი ვნახე. ფიგუ თავისი დროის გამოჩენილი ფეხბურთელი იყო პორტუგალიაში, შემდეგ კი გამოჩნდნენ კრიშტიანუ, კუარეჟმა, ნანი.
სპორტში ყოველთვის მოდის ვინმე ახალი", - განაცხადა კლებერსონმა.