იუტა ჯაზთან ორშაბათის მატჩამდე სანდრო მამუკელაშვილმა ჟურნალისტებთან ბოლო პერიოდში პერიმეტრიდან არაზუსტ სროლებზე ისაუბრა.
27 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოტივაცია კობი ბრაიანტის მაგალითში იპოვა.
2026/27 წლების NBA-ის რეგულარულ სეზონში სანდრო ლოს-ანჯელეს ლეიკერსს სათადარიგოთა სკამიდან სტაბილურად ეხმარება. 18 შეხვედრაში ის საშუალოდ 22.6 წუთს თამაშობს და 9.2 ქულას, 4.4 მოხსნასა და 1.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
ნოემბრის დასაწყისში, ატლანტასა და მილუოკიში ზედიზედ მოპოვებული გასვლითი გამარჯვებებისას, მან ორივე მატჩში 23 ქულა ჩააგდო და ხუთი სამქულიანი გამოიყენა. როდესაც სროლა აღარ წაუვიდა, სანდრო დამატებით სავარჯიშოდ დარბაზში დაბრუნდა.
„ერთ მატჩში ცუდად ვისროლე და იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ თამაშის დასრულებისთანავე, შორტებითა და ყველაფრით, პირდაპირ აქ მოვედი. ვთქვი: ახლა უნდა ვივარჯიშო სროლაზე-მეთქი.
როდესაც დავასრულე, მაღლა ავიხედე და კობისადმი მიძღვნილი, მუდმივად განათებული ადგილი დავინახე. გავიფიქრე: კობისაც ხომ ექნებოდა უამრავი პერიოდი, როცა სროლა არ მისდიოდა? ასეთი ჩავარდნა ყველას აქვს.
ჯეი ჯეი რედიკმაც მითხრა: მეც მქონია პერიოდები, როცა სროლა არ მიმდიოდაო. ვფიქრობდი, კობისთვის რომ მეთქვა, ათიდან ან რვიდან მხოლოდ ერთი ჩავაგდე-მეთქი, ალბათ გაიცინებდა და მიპასუხებდა: უბრალოდ სროლა გააგრძელე, ძმაო.
ამ დარბაზში ყოფნა და მამბას მენტალიტეტზე მუდმივად საუბარი განსაკუთრებული შეგრძნებაა“, - თქვა მამუკელაშვილმა.
ორშაბათს იუტასთან მოგებულ შეხვედრაში სანდრომ ორი ქულა და ოთხი მოხსნა მიითვალა, თამაშიდან კი ოთხი მცდელობიდან ერთი გამოიყენა. ლეიკერსს მიმდინარე რეგულარულ სეზონში უკვე 15 გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.
მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილი, ლუკა დონჩიჩი და მათი თანაგუნდელები პარასკევს სტუმრად, ვიქტორ ვემბანიამას სან-ანტონიო სპურსთან გამართავენ. მატჩი NBA-ის თასის ჩათვლაშიც შევა.