დღეს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სამმა ქართულმა გუნდმა გამართა.
ქუთაისის ტორპედო კვიპროსში ომონიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა.
მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი, შეხვედრის მე-20 წუთზე მონტენეგროელმა სტევან იოვეტიჩმა გაიტანა და მეორე მატჩის წინ ომონიას უპირატესობა მოუტანა.
საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს, ქუთაისში გაიმართება და ტორპედო შეეცდება ერთბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას.
მინიმალური სხვაობით დამარცხდა გორის დილაც, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგას ესტუმრა და ამავე სახელობის გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს რეჯინალდო რამირესმა გახსნა, 66-ე წუთზე იაგო სიკეირამ გაზარდა სხვაობა ორამდე, 86-ე წუთზე კი ნგომის ავტოგოლით გორელებმა ერთი ბურთი გაქვითეს.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 31 ივლისს, გორში ჩატარდება და ტორპედოს მსგავსად დილაც ინარჩუნებს შანსს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
უფრო რთულ სიტუაციაში საქართველოს თასის გამარჯვებული სპაერი, რომელიც ვენის ავსტრიას ესტუმრა და 2-0 წააგო. ანგარიში მე-8 წუთზე ფიშერმა გახსნა, შეხვედრის ბოლოს კი ფიცმა პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თავისი მატჩი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999-მაც წააგო, რომელიც ესტონეთში ლევადიასთან 1-0 დამარცხდა.
მომდევნო კვირაში ოთხივე ქართული გუნდი საპასუხო შეხვედრას საქართველოში ჩაატარებს და პირველ მატჩებში წაგების მიუხედავად, წარმატების მიღწევას შეეცდებიან.