ესპანურმა კადისმა მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო - 10 ჩატარებული ტურის შემდეგ გუნდის აქტივში მხოლოდ 7 ქულაა.
შექმნილი კრიზისის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ სწრაფი ზომების მიღება გადაწყვიტა და აგვისტოში დანიშნულ ალბერტ სელადესს კარისკენ მიუთითა.
გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის გუნდს ამიერიდან 41 წლის სპეციალისტი, ბორხა ხიმენესი უხელმძღვანელებს. ახალ მთავარ მწვრთნელს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს: ის სამწვრთნელო სფეროში 2006 წლიდან მოღვაწეობს და კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა მირანდესი, კარტახენა, დეპორტივო, ლეგანესი და ხიხონის სპორტინგი.
ხიმენესის დებიუტი კადისის სკამზე 25 ოქტომბერს, სეუტას წინააღმდეგ შედგება, თუმცა ამ მატჩში ესპანელს ქართველი ლეგიონერების იმედი არ უნდა ჰქონდეს. როგორც ირკვევა, გოჩოლეიშვილიცა და ტაბატაძეც ტრავმირებულები არიან.