კადისის მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ სელადესმა გრანადასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრავმირებული ქართველი ლეგიონერების, იური ტაბატაძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც ესპანური კლუბის თავკაცმა აღნიშნა, ფეხბურთელები უახლოეს შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარებიან. მწვრთნელმა მათი მდგომარეობა შემდეგნაირად შეაფასა:
იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი ლა ლიგა 2-ის უახლოეს შეხვედრებში ვერ დაგვეხმარებიან. ახლაც იგივე ფეხბურთელები გვაკლია, რომლებიც გასულ კვირას ვერ გვეხმარებოდნენ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ იური ტაბატაძე 29 ოქტომბერს, ხერესთან სათასო შეხვედრისთვის მზად არ იქნება.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მის მდგომარეობას ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ. თუ გიორგის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართება, შესაძლოა, მომავალ კვირას დავტვირთო.
კადისმა სეზონი ცუდად დაიწყო და 9 ტურის შემდეგ 7 ქულით 24-გუნდიან ტურნირში 22-ე ადგილს იკავებს.