რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ, ლა ლიგა გააკრიტიკა.
როგორც იცით, ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დეკემბერში ვილიარეალსა და ბარსელონას შორის ჩასატარებელი მატჩი არა მაიამიში, როგორც თავიდან დაანონსდა, არამედ ესპანეთში გაიმართება.
„მე კმაყოფილი ვარ. აქამდეც მითქვამს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები ესპანეთში უნდა ტარდებოდეს.
თუ მსგავსი რამ მომავალში გადაწყდება, ხმა კლუბებმა უნდა მისცენ და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღონ. საკუთარი აზრი ყველამ უნდა დააფიქსიროს.
მე მგონია, რომ თუ ესპანეთის ლიგა და მისი ბრენდი საკმარისად კარგია და თქვენ მსოფლიოში საუკეთესოს ეძახით, მაშინ მისი მატჩების სადმე სხვაგან ჩატარება სულაც არ არის საჭირო. სტადიონები უნდა შეავსო და რაღაც მაჩვენებლები გააუმჯობესო.
ფინანსური ფეირ-პლეი იდეის დონეზე კარგია, მაგრამ კლუბებს მისი დაცვისთვის საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა უწევთ.
არ არის ნორმალური, რომ კლუბები სექტემბერში სასწაულებს ახდენენ, რათა ფეხბურთელები დაიმატონ ან დაარეგისტრირონ. ეს არის პირველი, რაც უნდა გაუმჯობესდეს." - აღნიშნა კურტუამ იუვენტუსთან (1:0) მატჩის შემდეგ.