შაბათს, 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე დაუპირისპირდება. ამ კვირაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით კიდევ არაერთი საინტერესო დაპირისპირება გაიმართება.
კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
შაბათს ლუის ინრიკეს გუნდი მადრიდის რეალის მიღწევის გამეორებას და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მიგებას შეეცდება - პარიზელთათვის ისტორიული საღამოს მოპარვას მიკელ არტეტას შეგირდები შეეცდებიან. საკლუბო სეზონის დასკვნითი დაპირისპირების შესახებ უფრო ვრცლად, რამდენიმე დღეში, ფინალის ანონსში მოგიყვებით.

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში გადმოსვლის გზაზე
ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, როდეზი პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა.
ქართველის გუნდი პლეი-ოფის ფინალში ნიცას დაუპირისპირდება - ლიგა 1-ის საგზურს ორმატჩიანი დაპირისპირება გაარკვევს. პირველ მატჩს სენტ-ეტიენი შინ, 26 მაისს გამართავს, საპასუხო თამაში ნიცაში 29 მაისს გაიმართება - ორივე თამაში 22:45 დაიწყება.

20-წლამდელი ბორღჯალოსნები სამხრეთ აფრიკაში
საქართველოს რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკაში გამართულ საერთაშორისო სერიაში მონაწილეობენ.
საერთაშორისო სერიაში ბორჯღალოსნების გარდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე ასპარეზობენ. ჩილეს გამოკლებით, სესიაზე მყოფი სამივე გუნდი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. სადაც საქართველოს მეტოქეები, სამხრეთ აფრიკა, უელსი და ურუგვაი იქნებიან.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სესიაზე 20-წლამდელებმა უკვე გამართეს პირველი შეხვედრა - ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა ფიჯი 29:23 დაამარცხეს.
უმცროსი ბორჯღალოსნები სერიის მეორე შეხვედრას ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩილეს წინააღმდეგ გამართავენ.
ქეიფთაუნში გასამართი მატჩი, საქართველოს დროით 15:00 დაიწყება - პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი ტვ შემოგვთავაზებს.
20-წლამდელთა ნაკრების სათამაშო შემადგენლობა ჩილეს წინააღმდეგ:
ხაზი: 15. ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური.
შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. ნიკოლოზ ღარიბაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. თორნიკე ტორაძე, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. ირაკლი ყოლბაია.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. გიორგი მეფარიშვილი, 20. გიორგი არძენაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დათა ახვლედიანი, 23. დათა არობელიძე.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები სერიის ბოლო მატჩს 31 მაისს მასპინძელი, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ.

დავით ნინიაშვილი vs მონტობანი
საფრანგეთის ტოპ 14-ის 25-ე ტურის შეხვედრაში საფლეიოფო საგზურისთვის მებრძოლი ნინიაშვილის სტად როშლე ბოლო ადგილზე მყოფ მონტობანს ესტუმრება - მატჩი შაბათს, 30 მაისს, 16:30 გაიმართება.
ქართველ ფულბეკს ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 38 ქულას მოუყარა თავი - ნინიაშვილის ანგარიშზე 7 ლელოა.

ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში
დღეს, 25 მაისს ბათუმში სტარტი აიღო ევროპის ქალთა ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში. ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართება.
დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და თითოეულ სვლაზე 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
ტურნირი FIDE-ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და მონაწილეებს ქალთა მსოფლიო თასის საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
ევროპის საჭადრაკო კავშირის გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასზე მინიმუმ 10 მოჭადრაკე მიიღებს კვალიფიკაციას. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 000 ევროს მიიღებს.
ჩემპიონატში ევროპის 32 ქვეყნის 170-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის - 30 ქართველი მოჭადრაკე, რომლებიც საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
