ესპანეთის ლა ლიგის მსაჯთა კომიტეტმა 15 აგვისტოს დასაწყები ახალი სეზონის წინ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ე.წ. "ვინისიუსის კანონის" დანერგვაზე ოფიციალურად უარი თქვა.
ესპანელმა არბიტრებმა ფიფას ინიციატივას უეფას პოზიცია ამჯობინეს.
აღნიშნული წესი პირდაპირ წითელ ბარათს ითვალისწინებდა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც კამათის დროს შეურაცხყოფის დასამალად პირზე ხელს იფარებდნენ. თუმცა, კომიტეტმა მიიჩნია, რომ მოთამაშეები ამ ჟესტს ტაქტიკური დეტალების განსახილველადაც იყენებენ, შესაბამისად, უდანაშაულო მოთამაშის გაძევების და გუნდის კაცნაკლულად დატოვების რისკი ძალიან მაღალი იყო.
სამაგიეროდ, ესპანელი მსაჯები დროის გაყვანის წინააღმდეგ უმკაცრეს ზომებს იღებენ! ლა ლიგამ ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ოფიციალურად მიმართა ინიციატივით, რომელიც პრემიერლიგის მიდგომას იმეორებს: თუ მეკარე ტრავმას გააზვიადებს და მატჩის ტემპს დააგდებს, მსაჯს უფლება ექნება, მისი გუნდი 1 წუთით 10 კაცის ამარა დატოვოს.
გარდა ამისა, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე აპრობირებული სხვა სიახლეებიც ინერგება: აუტების ჩასაწოდებლად წამმზომი ჩაირთვება, ცვლილებებს მაქსიმუმ 10 წამი დაეთმობა, ხოლო მოედანზე სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, ფეხბურთელს თამაშში დასაბრუნებლად 1 წუთი მოცდა მოუწევს. რაც შეეხება VAR-ს, უეფას მითითებით, სისტემა კვლავ მხოლოდ აშკარა და უხეში შეცდომების დროს ჩაერევა.