2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Marca-ს ცნობით, 28 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველის შეძენა კლუბისა და დიეგო სიმეონეს დიდი ხნის სურვილია. მისი დამატება მადრიდელებმა გასულ ზაფხულსაც სცადეს, თუმცა ამჯერად ტრანსფერის განხორციელების შანსი გაცილებით რეალურია.
ატლეტიკო უკვე ამზადებს პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ტოტენჰემისთვის, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება.
მადრიდელებს მნიშვნელოვანი უპირატესობაც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რომეროს ინტერისგანაც აქვს შეთავაზება და ტოტენჰემმა წასვლის ნებართვაც მისცა, თავად ფეხბურთელს წითელ-თეთრი მაისურის ჩაცმა სურს.
ამიტომაც კლუბი უკვე ითვლის ფინანსებს, რათა ტრანსფერი რეალობად აქციოს. რუჯერისა და მოლინას სავარაუდო გაყიდვები, შესაბამისად ასტონ ვილასა და რომაში, არა მხოლოდ სატრანსფერო ბიუჯეტს გაზრდის, არამედ ხელფასების ლიმიტშიც გაათავისუფლებს ადგილს, რაც რომეროს მაღალი ანაზღაურების დაფარვისთვის აუცილებელია.
გასულ ზაფხულს სიმეონეს მთავარი მოთხოვნა სწორედ რომეროს დამატება იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ატლეტიკომ ვერ გადაიხადა დაახლოებით 55 მილიონი ევრო, რომლის სანაცვლოდაც ტოტენჰემი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო.
ახლა კი არგენტინელი მცველი კვლავ ნომერ პირველი პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ნიკო გონსალესის მიმართ ინტერესიც კვლავ შენარჩუნებული აქვს.
ინტერიც აქტიურად ცდილობს მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას და ლონდონურ კლუბს უკვე შესთავაზა 35 მილიონი ევრო, დამატებით 5-მილიონიანი ბონუსებით.
თუმცა რომეროს მთავარი სურვილი მადრიდში თამაშია. მეტიც, მას შემდეგ, რაც გასულ წელს ატლეტიკოში გადასვლა ჩაიშალა და ტოტენჰემთან 2029 წლამდე ახალი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტიც შეიტანეს, რომელიც ძალაში შევა, თუ ფეხბურთელისთვის ლა ლიგის ერთ-ერთი გრანდი შეთავაზებას გააკეთებს.
არგენტინელ მცველს არასდროს დაუმალავს, რომ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით თამაში სურს. ამის შესახებ მან გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროსაც მიანიშნა, რამაც ატლეტიკოს ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ტოტენჰემი მზად არის რომერო მიმდინარე ზაფხულს გაუშვას, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ ამიტომ ატლეტიკოში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის გადასაბირებლად სერიოზული ბრძოლა ელით.
კლუბის სპორტულმა ხელმძღვანელმა მატეუ ალემანიმ, რომელიც გასაყიდ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს აგვარებს, უკვე შეადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა დაიმატონ არგენტინელი ცენტრალური მცველი.
მისი ტრანსფერი არა მხოლოდ დაცვის ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, არამედ 4 ცენტრალური მცველის სრულყოფილ შემადგენლობასაც შექმნის, რადგან კლუბში მიაჩნიათ, რომ ხოსე მარია ხიმენესის ეპოქა დასასრულს უახლოვდება.
საბოლოოდ, ატლეტიკოს მიზანი უცვლელია, მრავალწლიანი სურვილის ასრულება და კრისტიან „კუტი“ რომეროს მადრიდში გადაყვანა, ხოლო თავად ფეხბურთელიც მოუთმენლად ელოდება, როდის შეძლებს თავისი ოცნების ახდენას.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები