ლივერპულმა ტრენტ ალექსანდრ არნოლდის გუნდში დასატოვებლად ბევრი რამ სცადა.
დღეს 26 წლის ინგლისელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მშობლიურ კლუბს, რომელშიც 20 წელი გაატარა, დატოვებს.
2024 წლის მარტში ლივერპულის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები მოხდა: მაიკლ ედვარდსი საფეხბურთო საკითხების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, სპორტული დირექტორი კი რიჩარდ ჰიუზი გახდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ჰიუზი ეგრევე დაუკავშირდა ტრენტის წარმომადგენლებს და 2024 წლის აპრილში მათ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო. პირველი შეთავაზება ფეხბურთელმა იმავე თვის ბოლოს მიიღო.
რეალის ინტერესის შესახებ უკვე დიდი ხნის მანძილზე იყო ცნობილი, ტრენტს კი უფრო და უფრო ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ლივერპულს მისი შენარჩუნება ნამდვილად სურდა. თუმცა, ეს ეჭვები ჰიუზის მიერ გაკეთებულმა მომდევნო შეთავაზებებმა მალევე გაუქრო.
ალექსანდრ არნოლდი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდებოდა და მათ შორის, ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც, თუმცა იმ პერიოდში, ინგლისელი უკვე ესპანეთში გადაბარგების ვარიანტს განიხილავდა აქტიურად.
საბოლოოდ, ტრენტმა ლივერპულის ყველა შეთავაზება დაბლოკა და კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.