ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპული ნიუკასლს დაუკავშირდა, რათა ალექსანდერ ისაკის თაობაზე რეკორდული შეთავაზება განიხილოს.
თუ ისაკი ხელმისაწვდომი არ იქნება, ლივერპული უგო ეკიტიკესთვის ბრძოლაში ჩაერთვება.
გადაწყვეტილება ნიუკასლზეა, რომელსაც შვედი შემტევის გაყიდვის სურვილი არასდროს ჰქონია და მოთამაშეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
დევიდ ორნშტეინის ცნობით, მერსისაიდულმა კლუბმა იცის, რომ ნიუკასლს 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა, თუმცა მათ გამოთქვეს ინტერესი და მზაობა დაახლოებით 120 მილიონი ფუნტის (138 მილიონი ევრო) გადახდის შესახებ.
პარალელურად, ნიუკასლმა აინტრახტს უგო ეკიტიკეს თაობაზე 80 მილიონი ევროს შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა გერმანულ კლუბს ფრანგის სანაცვლოდ მეტი სურს. თუ ნიუკასლი ლივერპულს ისაკის თაობაზე საბოლოო უარს შეუთვლის, მაშინ მერსისაიდელები ეკიტიკესთვის იბრძოლებენ.
ალექსანდერ ისაკმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი ცოტა ხნის წინ სწორედ ლივერპულმა მოხსნა, როცა ფლორიან ვირცი 116.5 მილიონ ფუნტად (125 მილიონი ევრო) შეიძინა.