არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულისთვის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა მოულოდნელად გიჟურად დაიწყო.
კლუბმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესაძლო შემცვლელად შეიძინა ჯერემი ფრიმპონგი, ინგლისური ფეხბურთისთვის რეკორდული თანხის სანაცვლოდ დაიმატა ფლორიან ვირცი და სულ მალე გამოაცხადებს მილოშ კერკეზის შეძენას ბორნმუთიდან.
აქვე, გუნდს ამ ზაფხულიდან შეუერთდება საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ლივერპულმა ვალენსიადან ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შეიძინა, თუმცა ერთი წლით იჯარით ღამურებში დატოვა.
ინგლისის ჩემპიონების მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია გაყიდვებზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც ბაზარზე გამოჩნდება. თუმცა ჭორების თანახმად, მერსისაიდელებს წინ "დიდი ზაფხული" ელით.
ვის გაყიდიან? შეიძლება წავიდნენ რობერტსონი, დარვინი და დიასიც
კლუბმა უკვე გაყიდა მეკარე კუივინ კელეჰერი 15 მილიონ ევროდ და მესამე მეკარე ვიტესლავ იაროში გაანათხოვრა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს. შემდეგი გუნდს სავარაუდოდ ჯარედ ქუანსა დატოვებს. ცენტრალურმა მცველმა არნე სლოტის გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს, სადაც ჯონატან ტას შეცვლის – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 40 მილიონიანი გარიგება უკვე საბოლოო შეთანხმების ეტაპზეა.
ივნისის შუაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენდი რობერტსონმა კარიერა შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელოს, სადაც მას დიეგო სიმეონე იწვევს. რობოს კონტრაქტი ერთ წელში ეწურება, ამიტომ ესპანური კლუბი მის შეძენას ფასდაკლებით ცდილობს. საინტერესო დამთხვევაა: მისი აგენტია ტაილერ ალექსანდერ-არნოლდი – ტრენტის ძმა.
თუ ენდი მზად იქნება კერკეზის სათადარიგოდ ყოფნისთვის, მაშინ გაყიდვის პირველი კანდიდატი გახდება კოსტას ციმიკასი.
შეტევაში გაყიდვის კანდიდატებად სახელდებიან ფედერიკო კიეზა და დარვინ ნუნიესი. ურუგვაელი აშკარად არ ერგება სლოტის სისტემას და უკმაყოფილოა თავისი როლით – კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები ამბობენ, რომ მისი წასვლა გადაწყვეტილია.
ფაბრიციო რომანოს თქმით, კიეზას პრიორიტეტიც იტალიაში დაბრუნებაა. ორივე ამ ფეხბურთელით ნაპოლი ინტერესდება. გასაყიდი შეიძლება გახდეს დიოგუ ჟოტაც – პირველ რიგში ხშირი ტრავმიანობის გამო. ჰარვი ელიოტი კი თავად ფიქრობს წასვლაზე სათამაშო დროის სიმცირის გამო, მით უმეტეს, რომ ვირციც მის პოზიციებზე ითამაშებს. 22 წლის ინგლისელით ასტონ ვილა და ბრაიტონი ინტერესდებიან.
ლუის დიასით ბარსელონა ინტერესდებოდა – მის ტრანსფერს სპორტული დირექტორი დეკუ ლობირებდა. კატალონიელები ელოდნენ, რომ თავად კოლუმბიელი მოახდენდა ზეწოლას კლუბზე, მაგრამ ეს არ მოხდა, რის შედეგადაც ბლაუგრანა ნიკო უილიამსზე გადაერთო. დიასით ასევე დაინტერესებული იყვნენ საუდის არაბეთის კლუბები, თუმცა ახლა მისი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია.
სლოტი ცენტრალურ მცველს ეძებს - მთავარი კანდიდატი მარკ გეია
კუანსას შესაძლო წასვლის გამო, დაცვაში ჩნდება ცარიელი სივრცე – კლუბს მესამე ცენტრალური მცველი სჭირდება. რომელიც კონკურენციას გაუწევს ვან დაიკსა და კონატეს.
ლივერპულის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსაიდერის პოლ ჯოისის ინფორმაციით, კლუბს კონკრეტული ინტერესი აქვს კრისტალ პალასის მცველ მარკ გეის მიმართ.
24 წლის ცენტრალურ მცველს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, თუმცა ლონდონელები არ აპირებენ ფასის დაწევას და 40-45 მილიონ ფუნტს ითხოვენ. ლივერპული გეის შარშანაც აკვირდებოდა, როგორც ჯო გომესის შესაძლო შემცვლელს. მაშინ პალასი 70 მილიონს ითხოვდა და ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა, თუ კრისტალ პალასი ფასს არ დააკლებს, ლივერპული მზად არის ერთი წელი დაიცადოს და შემდეგ ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს.
ასევე იორელ ჰატოს სახელიც – 19 წლის აიაქსის მცველის, რომელსაც შეუძლია ითამაშოს როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე ცენტრში. ის პოტენციურად რობერტსონისა და ვან დაიკის შემცვლელად მოიაზრება. ჰატოს ბევრი ტოპ-კლუბი აკვირდება, მაგრამ ლივერპულს უპირატესობა აქვს – მისი მეგობრობა გრავენბერხთან, ვან დაიკთან და არნე სლოტთან შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
შეიძლება თუ არა, ლივერპულმა ერთ ზაფხულში ორი ცენტრალური მცველი დაიმატოს? ეს რეალურია, მაგრამ მხოლოდ თუ ჯო გომესიც წავა. თანაც იბრაჰიმა კონატეს კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში ეწურება და ესპანურ მედიაში უკვე წერენ რეალის ინტერესზე. თუ აგვისტოსთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე პროგრესი არ იქნება, ლივერპული კონატეს გაყიდვასაც განიხილავს, რათა გაისად ტრენტის სიტუაცია არ განმეორდეს.
საოცნებო ცენტრფორვარდი – ალექსანდერ ისაკი
დარვინ ნუნიესისა და დიოგუ ჟოტას შესაძლო წასვლა ლივერპულს პროფილური ცენტფორვარდის გარეშე ტოვებს. დიასს, კოდი გაკპოს, სალაჰს, ვირცსს და სობოსლაის შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ სლოტი კლასიკურ ცენტრალურ თავდამსხმელს ანიჭებს უპირატესობას.
ფაბრიციო რომანოს თქმით, აპრილი-მაისში ლივერპულმა მოიკითხა, რამდენად ხელმისაწვდომია შვედი ფორვარდი, თუმცა, ნიუკასლს არ სურს მისი გაყიდვა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლამაც გაუმყარა პოზიციები. მიუხედავად ამისა, ივნისში რამდენიმე სანდო ჟურნალისტმა (სემ მაგგუაირმა, ლუის სტილმა, ბენ ჯეიკობსმა) დაწერა, რომ წითლების ინტერესი არ გამქრალა.
ლივერპული მზად არის ისაკისთვის იბრძოლოს, მაგრამ ნიუკასლი რეკორდულ თანხას ითხოვს – ინგლისური მედიის ცნობით, საუბარია 150-200 მილიონ ფუნტზე. მზად არის თუ არა კლუბი ზაფხულში მეორედ გადაიხადოს რეკორდული თანხა? ნაკლებად სავარაუდოა – ამიტომ ტრანსფერი მხოლოდ შემცირებული ფასის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.
ბუნებრივია, განიხილებიან ალტერნატივებიც. ყველაზე ხშირად სახელდება უგო ეკიტიკე აინტრახტიდან. გერმანული კლუბი ფრანგს დაახლოებით 85 მილიონ ფუნტად აფასებს. მისით დაინტერესებულები არიან ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და სხვა ტოპ-კლუბებიც.
გაზაფხულზე იწერებოდა, რომ ლივერპული წინა ზაფხულს ცდილობდა ხულიან ალვარესის გადაბირებას, მაგრამ ის ატლეტიკოში გადავიდა. მადრიდულ კლუბს რობერტსონთან ერთად დარვინიც აინტერესებს – შესაძლოა, ლივერპულმა ეს მოლაპარაკებებში გამოიყენოს, თუმცა მადრიდელებისთვის არგენტინელი ამ ეტაპზე ხელშეუხებლად მოიაზრება.
ამ ეტაპზე, ლივერპულმა გაძლიერება მოახერხა და დაცვაში პრობლემური ფლანგები დახურა. ახლო მომავალში მოსალოდნელია ფეხბურთელების გაყიდვები, რაც მეორე ტალღის ტრანსფერებს დააფინანსებს. სავარაუდოდ, ივლისში მაიკლ ედვარდსსა და რიჩარდ ჰიუზს ბევრი სამუშაო ექნებათ.
გიორგი მამარდაშვილი
რაც შეეხება ქართველ მეკარეს - კელეჰერის წასვლამ თითქოს ამ სეზონის სიტუაცია დაალაგა. მამარდა ენფილდზე როგორც მინიმუმ თავიდან მეორე მეკარის სტატუსით მივა, რადგან ალისონის წასვლა კიდევ მინიმუმ ერთი წლით პრაქტიკულად გამოირიცხა. თუმცა, ბრაზილიელის ტრავმიანობის და არნე სლოტის როტაციის სიყვარულიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ გიო პირველივე სეზონში მიიღებს საკმარის სათამაშო დროს, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.
ნიკა შაქარაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები