ფარერის კუნძულებთან ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
ლორიაზე
"ლორიაზე ერთი რამ მინდა ვთქვა. წლების წინ, როცა აქ მოვედი, პირველი საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა შვედეთში შედგა, არ ვიცი მას ახსოვს თუ არა. ჩვენთან ახლოს ტბა იყო და იქ ვსეირნობდით, მინდოდა მესაუბრა მოლოდინებზე მეკარეების მიმართ, მაგრამ ჩვენ ფეხბურთზე არც გვილაპარაკია. ჩვენ ცხოვრებაზე, ოჯახსა და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. ეს საუკეთესო გზა იყო, რომ ერთმანეთი გაგვეცნო. ჩემი პირველი შთაბეჭდილება მისი გაცნობისას ძალიან პოზიტიური იყო."
მოთამაშეების მზადყოფნაზე
"მოთამაშეებისთვის ყოველთვის რთულია ეს პერიოდი, როცა მხოლოდ ამხანაგური მატჩებია. ისინი ხშირად გრძელი სეზონების შემდეგ თამაშობენ და ეს რთულია. მოთამაშეები, რომლებიც ამ 2 მატჩისთვის აქ არიან, კონკურენცია უნდა შექმნან. ვფიქრობ, ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა. ჩემი მოლოდინი მკაფიოა, მოთამაშეებმა ამ შეხვედრებში თავი უნდა გამოიჩინონ."
ხარებაშვილზე
"საბას აღწერა რთულია, რადგან ის ჯერ კიდევ 16 წლისაა, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ის უფრო დიდია. ამიტომაცაა რთული, რადგან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის კვლავ ძალიან ახალგაზრდაა, მას ბევრი აქვს სასწავლი, მისი საფეხბურთო სწავლა ჯერ არ არის დამთავრებული, თუ ის გუნდში და 23 კაცში ხვდება, ნიშნავს, რომ თამაში ნებისმიერ დროს შეუძლია. სიაში არავინ არის ისეთი, ვისაც თამაშის შანსი არ აქვს. მისი პერფორმანსებიც ვარჯიშზე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ."
ფარერის კუნძულების ნაკრებზე
"რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის გუნდი, რომელიც თავს დაბალი ბლოკით და კომპაქტურად იცავს. რთულია მათთვის გოლის გატანა, ჩეხეთსა და სომხეთს მათთან პრობლემები შეექმნათ, მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ და კარგი, დისციპლინირებული გუნდია. თუ ვიფიქრებთ, რომ მათთან თამაში ადვილია, პრობლემები შეგვექმნება. საჭიროა, რომ მოთამაშეებმა 100% გაიღონ."
დავით კერესელიძეზე
"ვფიქრობ, რომ ის კარგი პიროვნებაა. მას გუგეშაშვილისგან განსხვავებული ხასიათი აქვს, ის არც ისეთი გიჟია, რაც მეკარეების წრეში მიღებულია. მის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი."
გიორგი გაგუაზე
"მას დიდი ხანი მოუწია ესპანეთში სათამაშო დროის ძიება და პრობლემები ჰქონდა, რაც მისთვის რთული იყო. ახლა კი ხორვატიაში, ისტრაში თამაშს იწყებს, მაგრამ დრო კიდევ სჭირდება, რადგან ვფიქრობ, რამდენიმე წელი დაკარგა. ის ამ მომენტში ცოტათი მოკრძალებულია გუნდში და მოედანზე. როცა ეროვნულ ნაკრებში ხვდები, სწავლის დრო არ არის, აქ ხასიათი უნდა აჩვენო, რადგან აქ მხოლოდ ასეთები აღწევენ წარმატებას."
ნიკა გაგნიძეზე
"ეს მოთამაშე ვიცოდი, მაგრამ მისმა ხასიათმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მას პირველად შევხვდი. მან იცის, რა გააკეთოს წარმატების მისაღწევად. არ ვიცი, მიაღწევს თუ არა წარმატებას, მაგრამ მან იცის, რა არის ამისთვის საჭირო. ის ბევრს შრომობს და ვფიქრობ, ახალი სახეებიდან ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ჩემზე მან მოახდინა.
კვარაცხელიაზე
"საქართველოს ნაკრებს აქამდე უკვე ჰყავდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (ხუმრობით თავის თავზე მიუთითა). როცა ხვიჩა ნაპოლიში იყო და როცა პარიზში დაიწყო, ის შთამბეჭდავი იყო. როცა მატარებელი რელსებზე ჩაებმება, მას დიდი ხანი შეუძლია სიარული, ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც. ის ლიდერი არამარტო მოედანზე, არამედ გუნდშიც არის და ვფიქრობ, რომ ის ამისთვის მზად არის, ერთი წლის წინ ასე არ მეგონა, მაგრამ მან სწორი ნახტომი გააკეთა.
პატარა ქართველი ბიჭებისთვის და თავისი გუნდელებისთვისაც კი ის მაგალითია და როცა ასეთი მაგალითი გყავს, უფრო ადვილია, რადგან ის გზას გაჩვენებს. საქართველოსკენ ხვიჩას გამო ბევრი თვალია მომართული და ეს ახალი მოთამაშეებისთვის კარგია. ეს კარგია ზოგადად ქვეყნისთვის, საჭმლისთვის, ტურიზმისთვის და ყველაფრისთვის. ის ქვეყნის ელჩია და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.
"სუფთა გულით ვამთავრებ სანაკრებო კარიერას" - ლორია ეროვნულ გუნდს ემშვიდობება