-
Aa
+
ფონტის ზომა
12 გოლითა და 16 საგოლე გადაცემით, ბარსელონას ნახევარმცველი პერსპექტიული ტალანტიდან ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა.
პოდკასტში, El podcast de fin de mes, სტუმრობისას, ბარსელონას ფეხბურთელმა საკუთარ კარიერაზე, ამბიციებსა და ღირებულებებზე გულწრფელად ისაუბრა.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო მისი პასუხი საუდის არაბეთიდან შესაძლო ტრანსფერზე. კითხვაზე, მოიხიბლა თუ არა წელიწადში 50 მილიონი ევროთი კამპ ნოუს დასატოვებლად, ფერმინმა უპასუხა:
არა. ეს თითოეულ ინდივიდზე და მოთამაშის სიტუაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემთვის ბარსაში ყოფნა საბოლოო მიზანია. ეს ჩემი ოცნებაა.
ნახევარმცველმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ბუნებრივი ამბიციისა, ის არსებული სიტუაციით კმაყოფილია: „რა თქმა უნდა, ყოველთვის მეტი გინდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა“.
წარსულის გახსენებისას ფერმინმა გასული სეზონი გარდამტეხ პერიოდად დაასახელა, რაც დიდწილად მოგებულ ტიტულებსა და შემდგომ ზეიმს უკავშირდება. თუმცა, თუ არსებობს დაპირისპირება, რომელიც მას განსაკუთრებულ მუხტს აძლევს, ეს ელ კლასიკოა.
რეალ მადრიდზე საუბრისას ფერმინმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არის გუნდი, სადაც „არასოდეს გადავალ“.
მისი ემოციები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც კამპ ნოუზე გამართულ ბოლო ელ კლასიკოს საკამათო მომენტი გაიხსენა. გოლმა, რომელიც მას უმნიშვნელოვანესად მიაჩნდა, გაუქმების გამო მასზე დიდი გავლენა მოახდინა:
გოლი წამართვეს, თანაც მეხუთე. ისე ავღნიშნე, თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და მერე გააუქმეს. კარგით რა, კაცო, ცრემლები ძლივს შევიკავე.
გარდა ამისა, ფერმინმა ბარსელონას გასახდელში ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. როდესაც ჰკითხეს დისციპლინურ ზომებზე, კერძოდ კი დაგვიანებისთვის დაწესებულ ჯარიმებზე, მან თქვა:
ზუსტი თანხა არ ვიცი, რადგან ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა. ვიცი, რომ ვარჯიშზე დაგვიანებისთვის ფულადი ჯარიმა არსებობს, თუმცა ეს ისეთი რამაა, რაც არ უნდა დაგემართოს. ერთხელ დამაგვიანდა, მაგრამ ეს ჩავის დროს იყო და მაშინ ჯარიმა ნამდვილად გადავიხადე.
მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელების ერთმანეთთან შედარებას მოერიდა, ფერმინმა აღნიშნა, რომ ყველასგან რაღაცას სწავლობს. დასასრულს მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ანდრეს ინიესტასთანაც იმუშავებს, რომელიც სამწვრთნელო კარიერას იწყებს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები