ლუის ენრიკემ ბარსელონასთან მატის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონა დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა, თუმცა პარიზული კლუბისთვის ამ გამარჯვებას მძიმე ტრავმების ჩრდილი დაეცა.
ლუის ენრიკეს გუნდმა სამი ფეხბურთელი დაკარგა: პირველ ტაიმში მოედანი უსმან დემბელემ დატოვა, ხოლო მეორე ნახევარში ტრავმები ხვიჩა კვარაცხელიამ და მარკინიოსმა მიიღეს.
განსაკუთრებული შეშფოთება ქართველი შემტევის მდგომარეობას უკავშირდება. კვარაცხელიამ მუხლის დაზიანება მიიღო და არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ შესაძლოა ჯვარედინი მყესების გაწყვეტასთან გვქონდეს საქმე, რაც ხანგრძლივ უქმობას ნიშნავს. დაზიანების ზუსტი ხარისხი და პასუხები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
ეჭვი მძიმე ტრავმაზე - როდის გახდება პასუხი ცნობილი?
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, სამედიცინო შემოწმების მოლოდინზე ისაუბრა:
მე ექიმი არ ვარ. უბრალოდ ის ვიცი, რომ სამივე ტრავმირებულია, რაც ამ მატჩიდან ყველაზე ცუდი ამბავია. ხვალინდელ ტესტებს უნდა დაველოდოთ. ჩვენთვის ყველაზე ცუდი ამბავი ის არის, რომ სამივე ფეხბურთელი დაშავებულია.
გუნდის ვიცე-კაპიტანმა აშრაფ ჰაკიმიმაც დაადასტურა, რომ კვარაცხელიასა და დემბელეს სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ.
ქართველი ვარსკვლავისთვის მიმდინარე სეზონი ისედაც რთულად დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩში მას გოლი არ გაუტანია, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ახლა კი, ამ ყველაფერს უმძიმესი ტრავმის საფრთხეც დაემატა.