უცნაურად განლაგდნენ ვარსკვლავები, სათქმელში აგვხლართეს - ვერც იმას დაიჩივლებ კაცი, მოდრიჩმა კარიერა დაასრულაო და ვერც იმას იტყვი, არ დაუსრულებიაო.
ფაქტი ისაა, რომ დიდის ალბათობით მწვანე მინდორზე ისევ გააგორებს ბურთს, მაგრამ იმასაც არ გაუვა წყალი, რომ მწვანე მინდორთაგან უგამორჩეულესზე, სანტიაგო ბერნაბეუზე - აღარ. კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე გაჰყვება კლუბებს შორის სამეფოს და რეალის 10 ნომრიან შესამოსელს გაიხდის.
როგორც ძველები იტყოდნენ, კარიერის დასრულებაა, მა რა არი.
სევდაა. დიდი სევდა.
ხმები დაირხა, რომლუკა მოდრიჩს გზა უდევს ოკეანის გადაღმა და იქ, ლეო მესის მსგავსად, ჩაიცვამს ინტერ მაიამის ფორმას. ითამაშებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო დროს სოკერს მეტი და მეტი ადამიანი ჰყვარობს და უცქერს, მაგრამ ევროპის ბებერი კონტინენტის სტადიონებისგან განსხვავებით სრულიად, სხვა ტემპორიტმი, ვნება და სიყვარულია.
მაისის ოცდაოთხში, როცა რეალ მადრიდისა და რეალ სოსიედადის მატჩის 87-ე წუთი მიდიოდა, როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს და ფეხბურთის ადათ-წესია, შესდგა წამზომი და წამსვლელი ფეხბურთელი შეცვალეს, მაგრამ ეს შეცვლა ვერაფრით იქნებოდა სხვა, ჩვეულებრივი შეცვლების ტოლ-სწორი. თავისი შინაარსით ეს მომენტი დიდი ეპოქის დასრულების წუთი იყო, რომელსაც რეალი ისევე შეინახავს, როგორც ქარვა ინახავს პრეისტორიულ მწერს; როგორც სახარება ინახავს ბიბლიურ ამბავს. თავგადასავალს, რომელიც 2012 წელს პირტიტველა ლუკა მოდრიჩმა დაიწყო და2025-ში სახეზე მკვეთრნაოჭებიანმა კაცმა დაამთავრა.
სანტიაგო ბერნაბეუს ბევრი ცრემლი ახსოვს. სიხარულისაც, მწუხარებისაც. ტაშისა და შეძახილების ხმა ხომ ლამის შუაღამისას, ჩამქვრალი და დაცარიელებული ტრიბუნებიდანაც კი გაისმის ექოდ. მოდრიჩის გაცილების ცრემლსა და ხანგრძლივ, გაბმულ ტაშს თან ახლდა დიდი მადლიერებისა და სევდის განცდა, რომელიც 81 ათასზე მეტი ადამიანისგან იღვრებოდა; რომლითაც გაჯერებული იყო თითქოსდა ჰაერი.
თავად მოდრიჩმა, რომელმაც იმდენი ტიტული მოიგო რეალთან ერთად, რომ ლეონიდ ბრეჟნევის ორდენებიან მკერდს შეშურდებოდა მისი, გაიხსენა ციტატა, რომელიც დიდ კოლუმბიელ მწერალს, გაბრიელ გარსია მარკესს მიეწერება (ავთენტურობა ვერაფრით დავადგინე). ნუ იტირებ იმის გამო, რომ ეს დამთავრდაო, გაიღიმე იმის გამო, რომ ეს იყოო.
არ მჯერა მე ეგეთების.
ციტატები, ბრძნულიანი გამონათქვამები და შეგონებები, როგორც წესი ფურცელზე გამოიყურება ხოლმე მომხიბვლელად, ცხოვრებაში ვერ მუშაობს მაინცდამაინც. გადმოიტან, ცდი და... არ გამოდის. მე ეჭვიანი ადამიანი ვარ, მაგრამ რომც არ ვიყო მაინც ვიეჭვებდი, რომ თავდაღმართში მყოფი მოდრიჩის მსგავსი ოსტატი ღიმილით ვერ გაიხსენებს მწვერვალებზე ყოფნის დროს. შეიძლება თავი შეიგულიანოს, სახალხოდ გაიღიმოს, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი მთამსვლელს, ალბათ, მაინც სევდით მოაგონდება დაპყრობილ სიმაღლეები - საჩემპიონო ადგილები, რომლებიც მოილოცა.
ერთი ისაა, რომ ძალიანად არ უნდა დავითუთქოთ გულები.
ჯერ კიდევ შეგვიძლია თავის დამშვიდება ჩვენც და მოდრიჩსაც. კუდის მოქნევის დრო დარჩენილია. როგორც მაღლა ვთქვი, ორმოცს მიტანებული ოსტატისთვის რეალიდან წასვლა კარიერის დასრულებაცაა დათან არც არის. ჩვენც წინ გვაქვს, მასაც წინ აქვს და ინტერ მაიამის გულშემატკივარს ხომ აქვს და აქვს მომენტები, როცა ეს ჩუმი გენიოსი ხელოვნებამდე აყვანილ სტაბილურობასა და სანდოობას შექმნის მოედანზე.
მართლაც ეგრეა, რომ ბევრს ვერ გავიხსენებთ მოდრიჩის მსგავს, ვიქტორინოქსის დანასავით უნივერსალურ, უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშეს. კაცს, რომელსაც მასაის ტომის წარმომადგენლისთვის შესაშური თვალი და ხედვა აქვს; ბურთის შენარჩუნება ისე და იმდენხანს შეუძლია, როგორც ფიდელ კასტროს - ძალაუფლების; სიმო ჰაიჰას დარი, სნაიპერული სიზუსტის მოკლე და გრძელ პასებს აკეთებს; მცირე გაბარიტების მიუხედავად, როცა საქმეს სჭირდება ჯაგერნაუტივით შეუძლია მოწინააღმდეგის გადალახვა და მოედანზე ყოფნისას ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თანაგუნდელებისთვის ჰქმნის სიკეთეებს.
ევროპული თავგადასავალი დამთავრდა, ამერიკული იწყება.
მადრიდის რეალის 10 ნომერი წავიდა!
გაუმარჯოს 10 ნომერს.