ლატვიის დედაქალაქ რიგაში მაგიდის ჩოგბურთის ასაკობრივი სარეიტინგო პირველობა დაიწყო. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 13 მოთამაშითაა წარმოდგენილი.
პირველ დღეს, 12-წლამდე გოგონათა შორის, ელენე ქობალიამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ელენემ სექტემბერში ბათუმში გამართულ WTT-ის (მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ორგანო) ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიგო. ის საქართველოს ისტორიაში პირველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ამ მასშტაბის ტურნირის ფინალში ითამაშა.
ქობალიას გარდა, ასევე 12-წლამდელთა კატეგორიაში, სესილია ქათამაძემ (მე-11 ადგილი), მურად ბერიძემ (მე-14 ადგილი) და მათე ყიფშიძემ (მე-10 ადგილი) იასპარეზეს.
რიგაში მიმდინარე ტურნირზე 8 ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები 12, 14, 17 და 19-წლამდელებს შორის იმართება.