ადიდასმა და იაპონელი დიზაინერის, იოჯი იამამოტოს ბრენდმა Y-3-მა მადრიდის რეალის საკულტო დრაკონის მაისურის დაბრუნება დააანონსეს.
2014/15 წლების სეზონში, ლა დესიმას ისტორიული ტრიუმფის შემდეგ შექმნილმა ამ ფორმამ სამუდამოდ შეცვალა საფეხბურთო დიზაინის ტრაექტორია და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სპორტულ-კულტურულ კოლაბორაციებს.
იმ ეპოქაში, როდესაც საფეხბურთო ეკიპირება ძველებურ სადა პრინციპებს ეყრდნობოდა, მუქი ნახშირისფერი ბაზა წინა მხარეს გადაჭიმული დრაკონისა და ფრინველის გრაფიკით ნამდვილ რევოლუციად იქცა. დრაკონი ძალისა და ამბიციის სიმბოლო, ხოლო ფრინველი სისწრაფისა და ოსტატობის განსახიერება, მადრიდული გრანდის მენტალიტეტს ასახავდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა თანამედროვე ფეხბურთში, როდესაც მსოფლიო დონის მოდის დიზაინერმა შექმნა არა ყოველდღიური სამოსი, არამედ სათამაშო ფორმა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ, გარეთ ბეილმა, სერხიო რამოსმა და კარიმ ბენზემამ ელიტარულ ტურნირებზე მოირგეს.

როგორც გამოცემა SoccerBible-ის ავტორი დენიელ ჯოუნსი აღნიშნავს, სწორედ ამ პროექტმა გაუხსნა გზა შემდგომ მეგა-კოლაბორაციებს, მათ შორის პარი სენ-ჟერმენისა და Jordan Brand-ის ცნობილ პარტნიორობას:
ბევრი იტყვის, რომ თანამედროვე საფეხბურთო კულტურის კატალიზატორი სწორედ PSG-სა და Jordan-ის თანამშრომლობა გახდა, მაგრამ საფუძველი უკვე შექმნილი იყო. PSG x Jordan-მა კარი ფართოდ შეაღო, თუმცა დრაკონის მაისური იყო პროექტი, რომელმაც სახელური პირველმა ჩამოსწია.

ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც კი, 2014/15 წლების დრაკონის მაისური XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საფეხბურთო ფორმად რჩება.