საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის შეკრების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მიმდინარე მზადება და მოახლოებული შეხვედრები ჩვენი გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეაფასა.
"ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. გვაქვს ესპანეთთან თამაშის გამოცდილება და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. ბევრი შრომა მოუწევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რთული თამაშები ჩავატარე. პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. მნიშვნელოვანი თვე იყო ჩემთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ". - მამარდაშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს ჩაატარებს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.