მანჩესტერ სიტი ამ თვეში კრისტალ პალასის კაპიტნის, მარკ გეჰის გაფორმების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ყალიბდება.
BBC Sport-ის ინფორმაციით, სიტი განიხილავს ინგლისელი ცენტრალური მცველის ტრანსფერს მას შემდეგ, რაც კვირას ჩელსისთან ფრედ დასრულებულ მატჩში მცველებმა იოშკო გვარდიოლმა და რუბენ დიაშმა ტრავმები მიიღეს.
ინგლისის ნაკრების კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, ჯონ სტოუნსი, ამჟამადაც ტრავმირებულია.
სიტი დაელოდება გვარდიოლისა და დიაშის ტრავმების სრულ შეფასებას, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, გააგრძელოს თუ არა გეჰის მიმართ ინტერესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.
თუმცა, წყაროებმა BBC Sport-ს აცნობეს, რომ სიტის ინტერესი 25 წლის გეჰის მიმართ გაღრმავდა და იანვარში ტრანსფერი არ უნდა გამოირიცხოს.
ამავდროულად, სიტიმ აკადემიის მცველი მაქს ალეინი ჩემპიონშიფის კლუბ უოტფორდიდან იჯარიდან დააბრუნა და შესაძლებელია, ის ოთხშაბათს პრემიერ ლიგის მატჩში ბრაიტონთან გუნდის განაცხადში მოხვდეს.
გეჰის, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
მოსალოდნელი იყო, რომ ის სეზონის ბოლოს სელჰერსტ პარკს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, თუმცა სიტის ტრავმების ფონზე ეს სცენარი შესაძლოა შეიცვალოს.
ბაიერნი, რეალი, ბარსელონა, ინტერი და ატლეტიკო იმ ევროპულ კლუბებს შორის არიან, რომლებმაც მცველის უფასოდ გაფორმების მიმართ ინტერესი გამოხატეს. რეგლამენტის მიხედვით, გეჰის შეუძლია ამ თვიდან უცხოურ კლუბთან წინასწარი შეთანხმების გაფორმება.
გეჰი გასულ ზაფხულს ლივერპულში გადასვლასთან ახლოს იყო £35 მილიონიანი ტრანსფერის სანაცვლოდ, თუმცა პალასმა დედლაინის ბოლო საათებში გარიგება ჩაშალა.
ენფილდის ბინადარი გეჰის მიმართ კვლავ ძლიერ ინტერესს ინარჩუნებს და ახლა გასარკვევია, მზად არიან თუ არა ისინი ფეხბურთელის გაფორმების გეგმა ზაფხულიდან უფრო ადრე გადმოიტანონ.
სიტიც და ლივერპულიც ასევე დაინტერესებულები არიან გეჰის სეზონის ბოლოს უფასოდ გაფორმებით, ასევე ცნობილია, რომ კრისტალ პალასი ამ თვეში მის გაყიდვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს კაპიტნის უფასოდ დაკარგვა სეზონის დასრულების შემდეგ.