მას, ვინც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს ყურადღებით ადევნებს თვალს, აუცილებლად ექნებოდა თვალი მოკრული ყველასგან გამორჩეული ესპანელი ქომაგისთვის, რომლის ცნობაც იოლი იყო დიდი ბასკური ბერეტით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების აუცილებლად 12-ნომრიანი მაისურითა და ბასის დიდი ბარაბნით.
მანუელ (მანოლო) კასერეს არტესერო, ცნობილი როგორც მანოლო ელ დელ ბომბო, 1-ელ მაისს, 76 წლის ასაკში, ლა პლანას უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში სასუნთქი გზების პრობლემების გამო მოხვდა.

შუაგულ ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას ერთ პატარა ქალაქში დაბადებულ კაცს ეროვნული ნაკრების არცერთი საშინაო მატჩი არ გამოუტოვებია, ამხანაგურიც კი. ამბობდა, რომ ფურია როხას ყველა მატჩი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო და ესპანეთისადმი ერთგულება მისთვის რელიგიადაც კი იქცა. ეროვნული გუნდის ბოლო საშინაო მატჩი, რომელსაც იგი დაესწრო, 23 მარტს, ვალენსიაში გამართული ესპანეთი-ნიდერლანდები იყო.
ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ვალენსიას ქომაგს 1986-2011 წლებში სტადიონ მესტალიასთან ახლოს ბარიც ჰქონდა გახსნილი, რომელიც დღეს მუზეუმადაა ქცეული. 1983 წლის კოპა დელ რეის ფინალში მეფე ხუან კარლოსი მანოლოს შეხვდა და ესპანელ გულშემატკივართა სახელით მადლობის სიგელიც გადასცა.

მანოლო ელ დელ ბომბო 1982 წლიდან 10 მსოფლიო ჩემპიონატსა და 8 ევროპის ჩემპიონატს დაესწრო. ერთადერთი დიდი საფეხბურთო ფორუმი, რომელიც მან უსახსრობის გამო გამოტოვა, ყატარში გამართული მუნდიალი გამოდგა. ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ იგი მატჩებისა და ფრენის ბილეთებით უზრუნველყო, თუმცა სხვა ყველაფრისთვის საჭირო ფინანსები მანოლომ ვეღარ გამონახა...
საერთოდაც, ბოლო წლებში ჯანმრთელობა ხელს აღარ აძლევდა, ესპანეთის ფარგლებს გარეთ გამართულ მატჩებზე აეხმაურებინა თავისი განუყრელი ატრიბუტი, რომელსაც თურმე ყოველი ჩემპიონატის შემდეგ ცვლიდა ხოლმე, თუმცა მათზე ყოველთვის ერთსა და იმავე ფრაზებს ამოიკითხავდით: El bombo del España – Manolo (ესპანეთის დოლი - მანოლო) და Deporte si, Violencia no (სპორტს - კი, ძალადობას - არა). სხვათაშორის, 2018 წლის მუნდიალზე რუსებმა ინსტრუმენტი ტრიბუნებზე არ შეატანინეს.

ესპანური ტელეარხები, საფეხბურთო კლუბები, გულშემატკივრები და ფეხბურთის ფედერაცია ყველაზე ცნობილ ესპანელს ქომაგს ემშვიდობებიან.
„ვიცით, რომ შენ კვლავაც ააჩქარებ ჩვენ გულისცემას. განისვენე მშვიდად, მანოლო. ჩვენი ღრმა სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, - ნათქვამია ეროვნული ნაკრების განცხადებაში.