ფორმულა 1-ში იაპონიის გრან პრის მოგების შემდეგ 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა მაკლარენის ბოლიდის სისწრაფეს გაუსვა ხაზი.
"არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდებოდა, მაკლარენზე რომ ვიჯდე. ჩემს დანახვასაც კი ვერ შეძლებდით, საერთოდ არ ვხუმრობ." - განაცხადა რედ ბულის პილოტმა.
ნიდერლანდელის ამ ნათქვამს მაკლარენის მრბოლელმა, ლანდო ნორისმა უპასუხა:
"გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაინტერესებს. ყველას შეუძლია თქვას ის, რაც უნდა და რისიც სჯერა. მაქსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ რაღაცები სიმართლე არაა.
სიამოვნებით მოვიყვანდი მას ჩვენთან და ჩვენს ბოლიდს გავატესტინებდი. ვნახავდი მის იმედგაცრუებას, როცა ბოლიდიდან ამოვიდოდა." - თქვა ბრიტანელმა.
2025 წლის ახლად დაწყებულ სეზონში ჩატარებული 3 რბოლის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავას ლანდო ნორისი ლიდერობს 62 ქულით, მაქს ვერსტაპენი კი მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
ფორმულა 1-ის მორიგი რბოლა ბაჰრეინში 13 აპრილს გაიმართება.
