-
Aa
+
ფონტის ზომა
ბევრი სანაკრებო პაუზას საკლუბო ფეხბურთის შუაში გამოჩხერილ მოსაწყენ პერიოდად მიიჩნევს, ზოგისთვის კი გადატვირთული სეზონიდან ერთგვარი თავის დაღწევის საშუალებაა. პირველ კატეგორიაში მყოფი გულშემატკივრისთვის, ეს განსაკუთრებით მძიმე იყო, როდესაც ნაკრებები ერთმანეთში უამრავ უაზრო ამხანაგურებს თამაშობდნენ, მაგრამ ამ დროსაც იყო მატჩები, რომელთა აფიშაც საკმაოდ უცხოდ და საინტერესოდ ჟღერდა - დღევანდელ ბლოგში კატალონიისა და არგენტინის ნაკრებების მივიწყებულ მატჩს გავიხსენებთ.
უცნაური ამხანაგური მატჩი 2009 წლის 22 დეკემბერს ბარსელონაში, კამპ ნოუზე შედგა. დიეგო მარადონას ნაკრები კატალონიაში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა კამპ ნოუზე შეკრებილმა აუდიტორიამ საკუთარი პრინცი ვერ იხილა - მესის მსგავსად, მოედნის მიღმა დარჩა დისკვალიფიცირებული დიეგოც, თუმცა მარადონამ მატჩს კამპ ნოუს ტრიბუნებიდან მიადევნა თვალი.
თავის მხრივ კატალონიის ნაკრებს მსოფლიოს ფეხბურთის კიდევ ერთი უდიდესი ლეგენდა, იოჰან კრუიფი თავკაცობდა - რა თქმა უნდა, ნიდერლანდელის გუნდის მთავარ ბურჯს ბარსელონა წარმოადგენდა.
კატალონიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა: ვიქტორ ვალდესი, ოლეგერი, პიკე, პუიოლი, ბრუნო სალტორი, კაპდევილა, ბუსკეტსი, ჩავი, ვერდუ, სერხიო გარსია და ბოიან კრკიჩი.
ხორდი კორდინა, ფერნანდო ნავარო, მოისეს ურტადო, სერხიო გონსალესი, კორო და ოსკარ სერანო კი თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთვნენ.
დიეგო მარადონას შერჩეული თერთმეტეულის კარს დიეგო პოცო იცავდა, მის წინ კი კრისტიან ალვარესი, მარტინ დემიკელისი, ნიკოლას ოტამენდი, ემილიანო პაპა, ფერნანდო გაგო, მარიო ბოლატი, ხავიერ პასტორე, ანხელ დი მარია, გონსალო იგუაინი და ეზეკიელ ლავეცი თამაშობდნენ.
ნიკოლას პარეხა, ხესუს დატოლო, ევერ ბანეგა, ტოტო სალვიო და მარტინ პალერმო მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი შედარებით წყნარი, თუმცა სანახაობრივი გამოვიდა - კატალონიელებმა ტაიმი ბეტისის ფორვარდის, სერხიო გარსიას შესანიშნავი თავურით მოიგეს.
რა თქმა უნდა, კამპ ნოუზე შეკრებილი გულშემატკივრის მთავარი მესიჯი კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნა იყო. "კატალონია ესპანეთი არ არის" - ეწერა ტრიბუნებზე გადმოკიდებულ გიგანტურ ბანერზე.
უხვგოლიანი გამოვიდა მატჩის მეორე ნახევარი - სანახაობრივი ტაიმი კი საოცარი სოლო გოლით ბოიან კრკიჩმა გახსნა. ბარსელონას ახალგაზრდა ტალანტმა ბურთი ცენტრიდან წაიღო, არგენტინელთა საჯარიმოში შევიდა და სამი მცველით გარემოცულმა პოცოს ახლო კუთხეში გაუტანა.
მართალია იგუაინი ბევრს აფუჭებდა, თუმცა არგენტინელები თამაშში ხავიერ პასტორემ დააბრუნა - საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა “არგენტინელმა კაკამ” როგორც მას მატჩის კომენტატორი უწოდებდა, ბურთი ჰაერში აიგდო და ვიქტორ ვალდესს აუღებლად დაურტყა.
სულ რაღაც შვიდ წუთში კატალონიამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა - კოროს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად სერხიო გონსალესმა აქცია. თუმცა კატალონიელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ეზეკიელ ლავეციმ სამი მცველის ყურადღება მიიპყრო, რამაც ანხელ დი მარია საჯარიმოს მისადგომებთან მარტო დატოვა. ბენფიკას გარემარბმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ვალდესს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.
მატჩის დასრულებამდე მარადონას შეგირდებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ახლად შემოსული ხორდი კოდინას კართან უამრავი მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლი კვლავ მათ კარში გავიდა - შეხვედრის უკანასკნელი ბურთი ესპანიოლის შეცვლაზე შემოსულმა ჩამშლელმა მოისეს ურტადომ გაიტანა.
4:2 - გამარჯვება კრუიფის გუნდს დარჩა, მარადონას შეგირდები კი გულდაწყვეტილები დარჩნენ. კამპ ნოუზე შეკრებილმა მრავალმა ათასმა შულშემატკივარმა ბრწყინვალე შოუ იხილა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები