რომამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პაულო დიბალა და ნაუელ მოლინა არგენტინისა და ბენინის შეხვედრას გამოტოვებენ – მატჩს, რომელიც ლიონელ მესისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოსამშვიდობებელი იქნება.
„პაულო დიბალა და ნაუელ მოლინა მონაწილეობას არ მიიღებენ ღონისძიებაში, რომელიც არგენტინაში, 6 ოქტომბერს, არგენტინისა და ბენინის ნაკრებების მატჩის ფარგლებში გაიმართება.
კლუბი აცნობიერებს ამ მოვლენის მნიშვნელობას ორივე მოთამაშისთვის, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ლიონელ მესისთან და მასთან ერთად ირიცხებოდნენ არგენტინის ნაკრებში, როდესაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სპორტული და ლოჯისტიკური მიზეზების გამო, კონტინენტთაშორისი ფრენის ხანგრძლივობისა და კლუბის მომავალი ოფიციალური მატჩების სიახლოვის გათვალისწინებით.
რომა უდიდეს პატივისცემას გამოხატავს ლიონელ მესისადმი, მისი ბრწყინვალე კარიერისადმი და უსურვებს მასა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას, რომ ეს საღამო განსაკუთრებულად გაატარონ", - ნათქვამია რომაელთა განცხადებაში.
რომაელები 11 ოქტომბერს კომოს დაუპირისპირდებიან, ხოლო 14 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.