ჩელსის გასახდელში ბორნმუთთან 2:2 ფრის შემდეგ ენცო მარესკასთან გამომშვიდობება არ ყოფილა. იტალიელი სპეციალისტი არც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოჩნენილა — მის ნაცვლად მედიის წინაშე ასისტენტი ვილი კაბალიერო წარსდგა.
The Athletic-ის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ მარესკამ გამოიცვალა და ფეხბურთელებისთვის საუბრის გარეშე დატოვა სტემფორდ ბრიჯი. თავდაპირველი ვარაუდები მისი შეუძლოდ ყოფნის შესახებ არ დადასტურდა — წყაროების თქმით, იმ მომენტში ის უკვე მტკიცედ იყო განწყობილი წასვლაზე.
ამავდროულად, მოთმინება ამოეწურა კლუბის ხელმძღვანელობასაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩელსი თავდაპირველად მარესკას მუშაობის შეფასებას მეორე სეზონის ბოლოს გეგმავდა, ბორნმუთთან მატჩის შემდეგ პროცესის დაჩქარება გადაწყდა.
31 დეკემბერს მარესკას აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ჩელსისთან მოლაპარაკებები გამართა. არსებობს განსხვავებული ვერსიები — ზოგი წყაროს მიხედვით, მარესკამ თავად დატოვა პოსტი, სხვების თქმით კი გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. . საბოლოოდ, ხუთშაბათ დილით მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჩელსი და ენცო მარესკა ურთიერთშეთანხმებით დაშორდნენ.
კომპენსაციის საკითხზე ცნობილია, რომ მარესკას მოქმედი კონტრაქტი სრულად არ იქნება ანაზღაურებული. წყაროების ინფორმაციით, შეთანხმება კლუბისთვის ფინანსურად მძიმე ტვირთად არ იქცა და ჩელსის სტრატეგია, მწვრთნელებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე მომავალშიც ძალაში დარჩება.