ფერარის პრეზიდენტმა ჯონ ელკანმა განაცხადა, რომ ლუის ჰამილტონმა და შარლ ლეკლერმა „ნაკლები უნდა ილაპარაკონ“ და მიანიშნა, რომ ფორმულა 1-ის გუნდს ერთიანობა აკლია.
ბრაზილიის გრან პრიზე ლეკლერი რბოლას ადრეულ ეტაპზე შეჯახების შედეგად გამოეთიშა, როცა ოსკარ პიასტრი და კიმი ანტონელი პირველ მოსახვევში შეეჯახნენ ერთმანეთს - მაშინ, როცა ლეკლერი ანტონელის გარე ხაზიდან გასწრებას ცდილობდა.
ჰამილტონი კი რბოლას ბოლიდის დაზიანების გამო გამოეთიშა, რომელიც მან პირველ წრეზე, ფრანკო კოლაპინტოს უკნიდან შეჯახებისას მიიღო.
ფერარიმ ბრაზილიაში ცუდი სპრინტიც ჩაატარა - ლეკლერი მეხუთე ადგილას გავიდა, ხოლო ჰამილტონი მეშვიდე იყო. მხოლოდ ექვსი ქულის მიღებამ გამოიწვია ის, რომ ფერარი კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეორე ადგილიდან მეოთხეზე ჩამოვარდა - 36 ქულით ჩამორჩა მერსედესს და 6 ქულით რედ ბულს.
ზამთრის ოლიმპიადის ღონისძიებაზე გამოსვლისას, ფერარის ხელმძღვანელმა ელკანმა ბრაზილიის გრან პრი „დიდ იმედგაცრუებად“ მოიხსენია.
„თუ ფორმულა 1-ის ჩემპიონატს შევხედავთ, ერთი მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მექანიკოსები ჩემპიონები არიან თავიანთი მუშაობითა და პიტ-სტოპების შესრულებით.
თუ ინჟინრებს შევხედავთ, ეჭვიც არ არის, რომ ბოლიდი გაუმჯობესდა. თუ დანარჩენს შევხედავთ, ეს სათანადო დონეზე არ არის.
და უდავოდ გვყავს პილოტები, რომელთათვის მნიშვნელოვანია, ყურადღება რბოლაზე გაამახვილონ და ნაკლებად ილაპარაკონ, რადგან წინ კიდევ მნიშვნელოვანი რბოლებია და მეორე ადგილის მოპოვება შეუძლებელი არ არის.“ - განაცხადა ელკანმა.