ნიდერლანდებში საფეხბურთო მატჩებზე უსაფრთხოების წესები მკვეთრად გამკაცრდა.
ამიერიდან შეხვედრა დაუყოვნებლივ და საბოლოოდ შეწყდება, თუ გულშემატკივრები პიროტექნიკას მოედნის ან სხვა ტრიბუნების მიმართულებით ისვრიან.
ეს გადაწყვეტილება KNVB-მ (ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირმა), პროკურატურამ, პოლიციამ, იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის ხელისუფლებამ ერთობლივად მიიღეს.
„მატჩი დასრულებულია, ყველა სახლში მიდის“, - განაცხადა ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა, დავიდ ვან ვილმა ახალი წესების განმარტებისას.
წესების გამკაცრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კამბიურისა და ფეიენოორდის ახლახან გამართული მატჩი გახდა. როტერდამელთა ქომაგებმა სტუმრების სექტორიდან პიროტექნიკა მოედნისა და მასპინძელთა ტრიბუნებისკენ გაუშვეს.
შედეგად კამბიურის შვიდი გულშემატკივარი დაშავდა: მათ დამწვრობები, თვალისა და სმენის დაზიანებები დაუდგინდათ. ერთ-ერთი მაშხალა ფეიენოორდის მეკარის სიახლოვესაც აფეთქდა.
მაშინ თამაში მხოლოდ დროებით შეაჩერეს, რის შემდეგაც გაგრძელდა. კიდევ ერთი ინციდენტი უტრეხტისა და გოუ აჰედ იგლსის მატჩზე მოხდა, სადაც შეხვედრა ქომაგების მხრიდან განმეორებითი დარღვევების შემდეგ საბოლოოდ შეწყვიტეს.