სამუელ უმტიტიმ კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს შორის ოქროს ბურთის თემაზე დაწყებული კამათი შეაფასა.
რეალისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავები, რომელთაც ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვთ, საჯარო სივრცეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც ყოფილი ფრანგი მცველი გამოეხმაურა და სიტუაციის განსამუხტად ლიონელ მესი გაიხსენა.
ყველაფერი მბაპეს ხმაურიანი ინტერვიუთი დაიწყო, სადაც მან განაცხადა, რომ დემბელეს ყოველთვის მხოლოდ ნიჭიერ მოთამაშედ აღიქვამდნენ, თავად კი მუდმივად „რჩეულის“ სტატუსი ჰქონდა. პარიზელთა შემტევმა კოლეგას მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ „რჩეული“ არასდროს ყოფილა, თუმცა ბევრი იშრომა და მიღწეულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.
ამ სიტუაციაზე კომენტირებისას უმტიტიმ არგენტინელი ლეგენდის თავმდაბლობას გაუსვა ხაზი.
ბარსელონაში ყოფნისას არასდროს მინახავს, რომ მესის ოქროს ბურთზე მსგავსი რამ ეთქვას. მიჭირს ამის გაგება, მაგრამ ეს კილიანია და ვფიქრობ, მისმა მიდგომამ შესაძლოა ზოგიერთი თანაგუნდელი გააღიზიანოს
მიუხედავად კრიტიკისა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა მბაპეს დაცვაც სცადა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს. უმტიტის თქმით, მადრიდელთა ლიდერმა მანამდე უსმანი ძალიან შეაქო და რეალურად სიმართლე თქვა, რადგან დემბელესგან ჯილდოს მოგებას თავიდან არავინ ელოდა, ამიტომ ფეხბურთელებს შორის გაბრაზების სერიოზული მიზეზი არ არსებობს.